მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები ისრაელზე თავდასხმას გმობენ

“გერმანიის მთავრობა სოლიდარულად დგას ისრაელის გვერდით. ისრაელს უფლება აქვს, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით დაიცვას თავი ამ ტერორისგან,” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, განაცხადა.
მისი თქმით, “ჰამასის” ტერორი ისრაელის წინააღმდეგ მთელი რეგიონისთვის “გაუთვლელ საფრთხეს” წარმოადგენს.
“პალესტინურმა დაჯგუფება “ჰამასმა” შაბათს დაიწყო ისრაელზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმა, მოკლა ათობით ადამიანი. “ჰამასის” ტერორმა კიდევ ერთხელ დააშორა რეგიონი მშვიდობას. ამ ტერორისტული თავდასხმების გამო ახლა არსებობს დიდი რეგიონული ესკალაციის წარმოუდგენელი საფრთხე. მე შემიძლია, მხოლოდ გავაფრთხილო სხვები, რომ არ შეუერთდნენ ამ ტერორს…
სოციალურ მედიაში გავრცელებულ სასტიკი გატაცების საშინელ ვიდეოებს როდესაც უყურებ, სუნთქვა გეკვრება. ადამიანების, მოხუცების შიშით სავსე სახეები, ხალხი, ქალები, დედა ორ შვილთან ერთად, რომლებიც გაიტაცეს “ჰამასის” მებრძოლებმა. “ჰამასის” მიერ ეს გატაცებები ამაზრზენია და არღვევს ჰუმანიტარულ საერთაშორისო სამართალს. “ჰამასის” ტერორი ახლავე უნდა შეწყდეს. გერმანიის მთავრობა სოლიდარულად დგას ისრაელის გვერდით. ისრაელს უფლება აქვს, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით დაიცვას თავი ამ ტერორისგან,” – თქვა ბერბოკმა.
მან ასევე გააფრთხილა გერმანიის მოქალაქეები, რომ თავი შეიკავონ ისრაელში ან პალესტინის ტერიტორიებზე მოგზაურობისგან. მისივე თქმით, შეიქმნა კრიზისული ჯგუფი, რoმელიც ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, ისრაელზე თავდასხმა დაგმოს.
ბლინკენის თქმით, ის ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტს და მოუწოდა მას, სიტუაციის დასტაბილურების მიზნით საჭირო ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი შეშფოთებით ადევნებს თვალს ისრაელის მოვლენებს. „ჩვენ ცალსახად ვგმობთ ჰამასის თავდასხმებს“, – დაწერა ბორელმა ტვიტერში. ევროკავშირის დიპლომატმა სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს.
„დიდი ბრიტანეთი ცალსახად გმობს ჰამასის საზარელ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე. გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“, – დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ტვიტერში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ესკალაცია ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ქვეყანა ყურადღებით აკვირდება უპრეცედენტო ვითარების განვითარებას, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თეირანი მხარს უჭერს პალესტინელთა დაჯგუფებებს, თქვა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, გენერალმა რაჰიმ საფავიმ.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პალესტინური ჯგუფების მხარდამჭერი პოსტი გამოქვეყნდა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა მხარეს მოუწოდა, შეაჩერონ კონფლიქტის ესკალაცია და მომხდარისთვის ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობა.

პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს უფლება აქვს, თავი დაიცვას „საოკუპაციო ძალებისგან“. აბასის სიტყვები Reuters-ს მოჰყავს.

7 ოქტომბრის დილიდან პალესტინური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, მასიურად ბომბავს ისრაელს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ათობით ისრაელელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მძევლად იქნა აყვანილი, ასობით ადამიანი დაიჭრა.

ჰამასის წევრებმა შეაღწიეს ისრაელის სასაზღვრო ქალაქებში: ომის დაწყებიდან 7 საათზე მეტი ხნის შემდეგ არცერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი, მათ შორის არც ქალაქი სდეროთი, არ დაბრუნებულა ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ. ღაზიდან შეჭრა მოხდა 1973 წლის იომ ქიფურის ომის დაწყებიდან 50 წლისთავზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button