ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში ჩავიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში ჩავიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
14 წევრისგან შემდგარი მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემართება.
გაერო-ს სააგენტოს მისიამ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორ რაფაელ მარიანო გროსისა და მის ექსპერტთა ჯგუფს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის წინ შეხვდა.
უკრაინის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უსაფრთხოების კორიდორების გავლით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მიაღწევს და ყველაფერს გააკეთებს “გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად”. გარდა ამისა, ზელენსკი ელექტროსადგურის “სასწრაფო დემილიტარიზაციის” მოწოდებით გამოვიდა.
ბირთვული ობიექტი მარტიდან რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, თუმცა უკრაინელი პერსონალი კვლავ იქაა დასაქმებული და ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ელექტროქსელთან არის დაკავშირებული.
შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ უკრაინას სურს, IAEA-მ “ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული კატასტროფის საფრთხე”.
რუს სამხედროებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა. პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა. ბირთვული სადგური ჯერაც ოპერირებს უკრაინელი თანამშრომლებით და რუსეთის კონტროლქვეშ.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი მარიანო გროსი ხელმძღვანელობს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ხშირი დაბომბვები მიმდინარეობს, რაშიც რუსული და უკრაინული მხარე ერთმანეთს ადანაშაულებენ.