მნიშვნელოვანისიახლეები

გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები თუმცა ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში-პრემიერი

დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, როგორც სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების კუთხით, ასევე ნებისმიერი სხვა სოციალური პარამეტრის თვალსაზრისით, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა. ეს არის მთავარი ეროვნული ამოცანა, რომელიც აქვს ჩვენ ხელისუფლებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რაც მთავარი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდისთვის.

მისივე თქმით, ოპოზიცია კამპანიას აწარმოებს სიღარიბესთან დაკავშირებით, მაშინ, როცა “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო.

“კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ 48 000 დოლარს. 48 000 დოლარით შეეძლოთ, თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება. რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები 15,4%, ეს არის 2022 წლის მაჩვენებელი, არის ძალიან მძიმე ვითარება. მართალია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 11 500 000 და ახლა არის 600 000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია პრაქტიკულად თითქმის სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ მათ დაგვიტოვეს 11 500 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა.

უმუშევრობაზეც იგივეა, ისტორიული მინიმუმი გვაქვს დღეს, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 2022-ში, შარშან გვქონდა 7,5%, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი ინსტრუმენტი არის ეკონომიკური ზრდა და ამისთვის ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ავტობანის მშენებლობა, პორტების განვითარება, აეროპორტების განვითარება და ა.შ. რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მათ შორის აიტის მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, გრძელდება მუშაობა ყველა თემაზე და სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილების შექმნასთან და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან”, – აღნიშნა კობახიძემ.

საკითხის მიმართ მათ [ნაციონალური მოძრაობის] დამოკიდებულებას სწორედ ის აჩვენებს, როცა ასიათასობით დოლარს ხარჯავენ იმაში, რომ ფასებთან დაკავშირებით რაღაც კამპანია ააგორონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მიდი თქმით, სინამდვილეში, მთლიანად ეს კამპანია ხელოვნურია და ამიტომაც შეერქვა როზნერის კამპანიის სახელი.

,,ამ კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობისთვის” ბუნებრივი არაფერი არ არის. “ნაცმოძრაობა” ის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთი ლიბერტანიალური მიდგომით იყო, რომ მოსახლეობაზე, ადამიანზე საერთოდ არ ფიქრობდა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ხოლო მათ ოპოზიციიდან არაფერი გახსენებიათ საკუთარი ბელადის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თავისუფლების გარდა. ახლა ეს ჩვეულებრივი პიარკამპანიაა, როგორც კი, ეს პიარკამპანია თავის დროისა და გრაფიკის რაღაც ნიშნულს გაივლის, შემდეგ ისე ჩაიფუშება, როგორც ბევრი სხვა კამპანია ჩაფუშულა. პოპულისტური თემები სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილია და ამიტომაც ჰყავთ უცხოელი დაქირავებული კონსულტანტი, რომელშიც ათიათასობით დოლარს იხდიან. შემდეგ ამის რეკლამირებაში ასიათასობით დოლარს იხდიან და ამ დროს, ეს პარტია ფასებზე საუბრობს? ამ ყველაფერს ვინ დაიჯერებს? – ალბათ, ამით ერთი-ორი კვირა თავს შეიქცევენ და ბოლოს იქ დაბრუნდებიან, სადაც მათი ადგილია – მათი ადგილია მიხეილ სააკაშვილისთვის თავისუფლების მოთხოვნაში. მათი ბუნებრივი მდგომარეობა ესაა, მათ სხვა არაფერი ბუნებრივად არ გამოსდით, რადგან მხოლოდ საკუთარ ბელადზე ჩამოკიდებული პარტია არიან.

რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ფასებზე საუბარი პოპულიზმია. ამ ხარჯებში ის არ ჩანს, რასაც საბოლოო ჯამში ტელევიზიებში ხარჯავენ. საკითხის მიმართ მათ დამოკიდებულებას სწორედ ის აჩვენებს, როცა ასიათასობით დოლარს ხარჯავენ იმაში, რომ ფასებთან დაკავშირებით რაღაც კამპანია ააგორონ. ეს მათთვის არაბუნებრივია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს თავადაც მალე მიხვდებიან და შეეშვებიან,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფასებთან დაკავშირებით პროპაგანდა ვერ იმუშავებს. ყალბი, თაღლითი ადამიანები ხალხს ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავიანთი მმართველობის პერიოდში ყურადღებას არ აქცევდნენ, მათ როზნერი წარმატებას ვერ მოუტანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ამ სახის პროპაგანდა ვერ იმუშავებს.

„კამპანია გაცილებით ბინძურია, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. ფასების პრობლემაზე აპელირებენ ის ადამიანები, რომლებიც ნულოვანი სოციალური დახმარებით ედგნენ მხარში საზოგადოებას. ხალხს მინიმალური ჰქონდათ ხელფასიც, შემოსავალიც და სოციალური დახმარების პაკეტი საერთოდ ნულოვან დონეზე იყო.

კვლევა გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ფასებთან შედარებით, საქართველოში საკმაოდ შეღავათიანი მდგომარეობაა. ეს პრობლემის არარსებობაზე არ მიუთითებს, მაგრამ გადახედეთ, რამხელა შეღავათები აქვთ მედიკამენტების, ჯანდაცვის, სასკოლო და საბავშვო ბაღის, უმაღლესი განათლების კუთხით. უამრავის ჩამოთვლა შეიძლება, რითაც სახელმწიფო საზოგადოებას ეხმარება, გვერდით უდგას.

ეს ადამიანები მილიონებს ხარჯავენ რეკლამისთვის და არცერთს არასდროს, არანაირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული საზოგადოებისთვის რაიმე სიკეთის გაკეთებაში. მსოფლიოში ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ნათელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არის ისიც, თითქოს მათ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი. „ქართული ოცნება“ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ იქმნება სამუშაო ადგილები, ხორციელდება უშველებელი სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, საზოგადოებას შეუძლია, სერიოზულად იფიქროს ბიზნესის განვითარებაზე. ამ ყველაფერს ხომ უნდა გაუწიო ანგარიში, როდესაც ასეთ უტიფარ გადაწყვეტილებას იღებ, როზნერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. დარწმუნებული ვარ, ამ სახის პროპაგანდა ვერ იმუშავებს და წარმატებას ვერ მიაღწევს. ესენი მძარცველები არიან. ხალხს ყალბი, ყალთაბანდი და თაღლითი ადამიანები ელაპარაკებიან იმაზე, რასაც თავისი მმართველობის პერიოდში საერთოდ ყურადღებას არ აქცევდნენ. რამდენი იყო პენსიონერების სესხზე პროცენტი, 150 პროცენტიდან 24 თუ 26 პროცენტამდე ჩამოვიდა. დღეს ისინი პენსიონერების გაჭირვებაზე საუბრობენ. ასე რომ, როზნერი მათ წარმატებას ნამდვილად ვერ მოუტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ

ჩვენი ყველა დანახარჯი დეკლარირებულია, მოდი, ის ფული დათვალეთ, რომელიც ბიუჯეტიდან მოიპარა ივანიშვილის პარტიამ, ჯიბეში ჩაიდო და ხალხის ხარჯზე გამდიდრდა, ეგ ფული დათვალეთ და ამ სისულელეებს მოეშვით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძეს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოციალურ ქსელებში რეკლამაზე 180 ათასი დოლარი დახარჯეს.

„ჩვენ სიმართლეს ვეუბნებით ადამიანებს, თქვენთვის არ გაძვირდა პროდუქტების ფასი? თქვენ არ გაწუხებთ საწვავის გაძვირება? თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს არ აწუხებთ უმუშევრობა? თქვენ არ გაწუხებთ, რომ ადამიანები ემიგრაციაში მიდიან? სისულელეებს მოეშვით“, – განაცხადა ვაშაძემ.

გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არასდროს ადარებს დედაქალაქის მერი ხელფასებსა და შემოსავლებს ევროპას.

„გუშინ მერი დასცინოდა ყველას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს და დღეს გამოაცხადა ფასები ევროპაში ნახეთო. ივანიშვილის მერმა გვიპასუხოს ევროპაში როგორი ხელფასებია – 100 $-ზე მუშაობს თვეში ხალხი? 300 000 ადამიანი 50 $-დან 250 $ მუშაობს თვიდან / თვემდე?

ხელფასებს და შემოსავლებს რატომ არასდროს ადარებთ ევროპას? ან საბანკო სესხები ნახე რამდენია, ან შემოსავალი, ან პენსია. პირდაპირ ფასი მოეწონა ევროპული.

1.65 ლარად ხომ მოდის საქართველომდე? პასუხი თქვან – კი თუ არა ?! და პასუხია კი ! მაშინ გვიპასუხოს 1.5 ლარი რაში ემატება, ვინ ამატებს და ვინ ხეირობს და სხვათა შორის ამ განცხადებას რომ აკეთებდა კალაძე, ამერიკაში 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი და 40 თეთრი ღირს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტია – მონაცემებს პარტია ლელო სტატისტიკის გაანალიზების შედეგად აქვეყნებს. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლების არასწორი და კორუფციული პოლიტიკის წყალობით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები შემცირებულია, ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება და მოსახლეობას ემიგრაციაში უწევს წასვლა.

“ქართული ოცნების” დანაშაულებრივმა კორუფციულმა პოლიტიკამ 200 ათასი სამუშაო ადგილი დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს. 2023 წლის ბოლო მონაცემებით, 16.4% უმუშევრობის მაჩვენებელია და 300 000 -მდე ადამიანი ეძებს სამუშაო ადგილს. 2016 წელს 1 022 600 სამუშაო ადგილიდან, 2022 წელს 975 000 სამუშაო ადგილამდე შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების’ კორუფციული პოლიტიკა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას” – ამბობს ირაკლი კუპრაძე

მსგავსი პოსტები

Back to top button