გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, მისვლას, შედეგის მიუხედავად საკითხს არც განიხილავს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელზეც 8 აპრილს არის დაბარებული, მისვლას არ აპირებს.
ნიკა გვარამიას თქმით, საკითხს არც განიხილავს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს.
გვარამიას განცხადებით, საკითხი საერთოდ არ აღელვებს, მითუმეტეს, რომ „მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ“.
„არავითარ შემთხვევაში, ხვალ, არანაირ კომისიაზე არ მივალ, საერთოდ, არც განვიხილავ ამ მომენტს, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, რაც შეიძლება დადგეს.
„თუ ნიკა გვარამია დაიჭირე, იმიტომ, რომ ვიდეომასალა ჰქონდათ, რომ მისი ცოლი, ქალიშვილი და ძაღლი როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან, რეალურად ამის საფუძველზე დამიჭირეს. სალომე ზურაბიშვილი რომ არა, ახლაც ციხეში ვიქნებოდი, რატომ არ უნდა ვუშვებდე. შეუძლებელია პროგნოზირება უკანონობის, უკანონობა ირაციონალურია, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. მე რომ ვიცოდე, რომ კანონისმიერად ოდნავ მაინც მოიქცეოდა ხელისუფლება ან სასამართლო სასამართლო ხელისუფლება, შემეძლებოდა ამაზე პასუხი გამეცა, მაგრამ ახლა ამაზე პასუხი არ შემიძლია. ერთადერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს ეს საკითხი, მითუმეტეს, რომ მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ”, – ამბობს ნიკა გვარამია.
“2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის” შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერების, ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მოსმენა იგეგმება.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომა 8 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება.
“სხდომაზე მოწვეულნი არიან ქალბატონი ია მეტრეველი, ბატონები – ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გოჩა მუკბანიანი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, ლევან ტერაშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი,” — აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე; ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე;
შეგახსენებთ, 21 მარტის წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, რაც ჯარიმას ან თავისუფლების 1 წლით აღკვეთას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კომისიაზე არ გამოცხადებისთვის 50 000-ლარიანი გირაო დააკისრა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.