მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის დახმარება მეგობარი ქვეყნებიდან გრძელდება

ევროკავშირი მიმდინარე კვირაში მუშაობას დაიწყებს ახალ გეგმაზე უკრაინისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების აღმოსაჩენად მას შემდეგ, რაც უნგრეთმა გასული წლის ბოლოს დაბლოკა კიევის დასახმარებლად განკუთვნილი 50 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტი.

Wall Street Journal-ის თანახმად, ეს გეგმა ითვალისწინებს 20 მილიარდი ევროს გამოყოფას შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. ეს უნდა მოხდეს ახალი ფონდის მეშვეობით, რომელიც წელიწადში 5 მილიარდი ევროთი შეივსება 2024-2027 წლებში.

ვარაუდობენ, რომ ეს 20 მილიარდი ევრო კომპენსაციის სახით დაუბრუნდებათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ათეულობით მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, რასაც ისინი უკრაინას გაუწევენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

WSJ აღნიშნავს, რომ ომის დასაწყისში ევროკავშირმა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მისაწოდებლად ფულის ხარჯვა დაიწყო ევროპის მშვიდობის ფონდიდან. 5,5 მილიარდი ევრო დაუბრუნდათ წევრ ქვეყნებს, რომლებიც კიევს ძირითადად საკუთარი მარაგებიდან აწვდიდნენ იარაღის, საბრძოლო მასალას, ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. მაგრამ შემდეგ უნგრეთმა დაბლოკა ამ ფონდიდან თანხების გადახდა.

როგორც მიიჩნევენ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ საკუთარი მარაგები იმ დონემდე ამოწურა, რომ აღარ შეუძლიათ უკრაინისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების აღმოჩენა, წერს Wall Street Journal-ი. ამ სირთულეების გათვალისწინებით ვარაუდობენ, უკრაინისთვის შეიქმნას ახალი სპეციალური სამხედრო ფონდი, რომელიც შთანთქავს მშვიდობის ფონდში დარჩენილი აქტივების ნაწილს და უახლოესი ოთხი წლის მანძილზე ყოველ წელს 5 მილიარდი ევროთი შეივსება.

ფონდის მთავარი დანიშნულებაა, ეს ფული გამოყენებულ იქნეს იმ ქვეყნებისთვის კომპენსაციის გადასახდელად, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალას, დრონებსა და რაკეტებს მიაწვდიან. დანარჩენი თანხა გამოყენებულ იქნება სამხედრო მომზადების მზარდი ხარჯებისთვის.

ახალი ფონდი ევროკავშირის წევრ მცირე სახელმწიფოებს საშუალებას მისცემდა, რესურსები გაეერთიანებინათ ერთობლივი შესყიდვებისთვის, რათა მეტი გავლენა მოეხდინათ უკრაინის დახმარებაზე. გეგმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ფონდი ევროპის ქვეყნების მთავრობებს გაუიოლებს ერთობლივ მუშაობას იმაზე, თუ რომელი რესურსები უფრო ესაჭიროება კიევს.

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, რომლის ესკალაციაც ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს და უკრაინის დახმარება – ეს ის საკითხებია, რომლებზე მსჯელობასაც ბრიუსელში შეკრებილი საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ელინა ვალტონენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მტკიცე დარჩეს.

“ჩვენ დღეს ნამდვილად უნდა ვიყოთ მტკიცე მშვიდობის საკითხში. მნიშვნელოვანია კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა. ეს არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის. ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი იყოს ერთიანი ამაში და თითოეულმა ქვეყანამ შეიტანოს წვლილი. რომელი საშუალებაც არ უნდა იყოს საჭირო იმ დაუყოვნებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პოზიციაც, ამ მხრივ, ძალიან მტკიცეა”, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლონეთმა უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტი გადასცა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზუსტად რას შეიცავს დახმარების პაკეტი, ამ დროისთვის უცნობია.

“არის პოლონეთის თავდაცვის ახალი პაკეტი. ვაფასებთ თქვენს მუდმივ დახმარებას. არსებობს ჩვენი თანამშრომლობის ახალი ფორმა უკრაინული საჭიროებისთვის იარაღის უფრო მასშტაბური შესყიდვის მიზნით – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას რწმენა, რომ პოლონეთი არის უკრაინის ყველაზე სანდო, სტაბილური მოკავშირე ამ სასიკვდილო ბრძოლაში ბოროტებასთან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონლად ტუსკმა უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის ხელმღვანელის თქმით, კიევში ყოფნით ის პოლონეთის უსაფრთხოებას იცავს.

„არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საომარ ძალისხმევაში, ეს უდავოა, ნომერ პირველია. ასევე, არის ბევრი ორმხრივი საკითხი, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ყველამ ვიცით, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და მათზე ვისაუბრებთ, მაგრამ მეგობრობის სულისკვეთებით ვისაუბრებთ, რაც მიზნად ისახავს პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას, რომ არ გამრავლდეს. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, საფრთხეშია მთელი თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოება, განსაკუთრებით პოლონეთის, გეოგრაფიის გამო. ასე რომ, სალაპარაკო ბევრია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ შორის არსებული უთანხმოების მოგვარება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

როგორც პოლონური მედია იუწყება განხილვის ერთ-ერთი საკითხი კი, პოლონეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა და პოლონელი გადამზიდავების მიერ უკრაინელი კონკურენტებისთვის საზღვრის ბლოკირება იქნება.

აღსანიშნავია, რომ პოლონელმა გადამზიდავებმა საზღვარზე ბლოკირებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები, პოლონეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად, მარტამდე გაათავისუფლეს. მანამდე, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მის მთავრობაში არავის მისცემს ნებას, საკუთარი პოზიციები ანტიუკრაინული განწყობების მიხედვით წარმოაჩინონ.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია კიევში პრემიერის პოსტის დაკავების შემდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button