მნიშვნელოვანისიახლეები

გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ მეხუთე პრეზიდენტის ძმა დააჯარიმა

უკრაინაში მებრძოლის, ნადიმ ხმალაძის განცხადებით, იანვრიდან ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვისთვის მას 5 ჯარიმა გამოუწერეს

გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ მეხუთე პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც დააჯარიმა. როგორც ოთარ ზურაბიშვილი წერს, მან 21 თებერვალს, პოლიციისგან 5 000-5 0000 ლარიანი საჯარიმო ოქმი ორჯერ მიიღო.

„ამ დილას, ორჯერ ზედიზედ მომადგა პოლიცია. ჯერ 4 პოლიციელი (5000 ლ), შემდეგ 3 (ისევ 5000) ! ჯარიმის (ქუჩის გადაკეტვა) ოქმის გადასაცემად ამდენი პოლიციელი, ალბათ, საჭირო იყო!

1-პროტესტის ნება ყველას აქვს

2-ეს მხოლოდ დაშინების პროცესია

3-შანსი არ არის რომ ვინმეს შეაშინონ

ტყუილია ! გავასაჩივრებ ! ამ საღამოს აქციაზე ვიქნები!

(დავრთე დოკუმენტი როგორ მოიქცეთ ამ შემთხვევაში)“ – წერს ოთარ ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი და პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, გელა ხასაია, დღეს, 21 თებერვალს, სამჯერ დაჯარიმდა. მის მიერ გადასახდელი ჯარიმების საერთო ოდენობა 14 500 ლარს შეადგენს: ორჯერ—5000-5000 ლარი გზის გადაკეტვისთვის და ერთხელ—4500 ლარი პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.

პირველი ორი ჯარიმა მას 13 და 14 თებერვალს, პარლამენტის შენობის წინ გზის გადაკეტვისთვის გამოუწერეს, ხოლო მესამე ჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ დღეს დააკისრა. მოსამართლის განჩინებით, ხასაიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2024 წლის 4 დეკემბერს თბილისში, შარაშიძის ქუჩაზე ჩაიდინა, სადაც პარტია დროას ოფისი მდებარეობს. აღნიშნულ დღეს სამართალდამცველებმა ოფისიდან აქციებისთვის განკუთვნილი ინვენტარი ამოიღეს.

ამავე მოსამართლემ დღეს გელა ხასაიას ადვოკატი, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი თეონა ზაქარეიშვილიც დააჯარიმა, რაც „რეპლიკებისა და ხმამაღალი ტონის“ გამოყენებით ახსნა.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, გიორგი დიასამიძე ოლიგარქის პოლიციამ 5 000 ლარით, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო, დააჯარიმა. შესაბამის ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს.

“დღეს დილით მირეკავენ პოლიციიდან და მეუბნებიან, რომ გამომიწერეს 5000-ლარიანი ჯარიმა 17 თებერვალს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. პოლიციელი გავაფრთხილე, რომ ჩავიწერდი საუბარს და დაეთანხმა ამას. თქვენ მოხვალთ ჯარიმის ოქმის წასაღებად თუ მოგიტანოთო. მე აღარ ვცხოვრობ ფაქტობრივ მისამართზე და ყველაზე მარტივად ჩემი ნახვა სამსახურში შეგიძლიათ-მეთქი. ამიტომ, რამდენჯერმე გავუმეორე, რომ დოკუმენტი მომიტანონ რადიო თავისუფლების ოფისში.

რა ხდებოდა 17 თებერვალს? – მოკლედ: მორიგი მშვიდობიანი დემონსტრაცია იყო, შესაბამისი საპროტესტო და სოლიდარობის შეძახილებით. ამ დღეს არ დამწვარა ბიძინას ან ხარებას ფიტული. როგორც კი გაიზარდა დემონსტრანტთა რაოდენობა, ხალხმა გადაკეტა რუსთაველის გამზირი, ხოლო პოლიციამ ჩაკეტა საავტომობილო გზა სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“, როგორც ყოველდღე ხდება ხოლმე. ცხადია, უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე გადავედი საავტომობილო გზის ნაწილზე და გამოველაპარაკე რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც ამ ჯარიმების ამბავზე ვეკითხებოდი. ზოგიერთი მათგანი უკვე ორჯერაც იყო 5000 ლარით დაჯარიმებული. მერე პირველი გიმნაზიის მხარეს გადავინაცვლე ტროტუარზე და ხალხის მასის დასაფიქსირებლად ზედხედით ზუსტად 22:41 საათზე ფოტო გადავიღე. ეს ფოტო შეგიძლიათ იხილოთ კომენტარში დატოვებულ ბმულზე – სტატია სწორედ ჯარიმების თემაზეა.

სახლში წასვლამდე დამაინტერესა საჯარო ლექციამ, რომელსაც ილიას და აკაკის ძეგლთან მართავდა ახალგაზრდა კაცი. პროექტორზე გაშვებული სლაიდების გამოყენებით მენტორი ათობით მოქალაქეს ესაუბრებოდა მჩაგვრელ რეჟიმებზე – ჩვენს შემთხვევაში ავტორიტარიზმზე, ტირანების საერთო ნიშანთვისებებზე და მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოყენებულ როგორც ძველ, ასევე თანამედროვე, ჰიბრიდულ იარაღებზე. დაახლოებით 1 საათი ვუსმენდი და დავტოვე ტერიტორია”, – წერს დიასამიძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით ისევ დააჯარიმეს. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.­

როგორც უგულავა აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას და სასამართლო პროცესზე მისვლას კვლავ არ აპირებს.

„მორიგი 5 000-ლარიანი „პივის ჩეკი“ მომივიდა. ამჯერადაც რუსთაველის გადაკეტვაა, ოღონდ უკვე 21 იანვარი.

არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას. არც მე და არც ადვოკატი. თავში ქვა უხლიათ!

„ქოცი“ უკვე ეპიდემიაა და მათთან ერთ შენობაში ან ოთახში მოხვედრაც კი სახიფათოა ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის“, – წერს უგულავა.

უკრაინაში მებრძოლის, ნადიმ ხმალაძის განცხადებით, იანვრიდან ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე გზის გადაკეტვისთვის მას 5 ჯარიმა გამოუწერეს. უფრო კონკრეტულად კი, როგორც თავად აცხადებს, 5000-ლარიანი 2 ჯარიმა მას სახლში მიუტანეს, 3 შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე კი სასამართლო იმსჯელებს. ერთ-ერთ ფაქტზე, რომელიც 5 იანვარს, გზის გადაკეტვას ეხება, სხდომა რამდენიმე წუთში გაიმართება.

„ამ აქციების ორგანიზატორი თურმე ირაკლი კობახიძე ყოფილა, ერთი სიტყვა თქვა და აქედან დაიწყო ყველაფერი… აქ ცუდი სუნია, ჩრდილოეთიდან მომავალი, ქართველმა ხალხმა უნდა გაანიავოს. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, სახელმწიფო აღარ გვაქვს“, – განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, ნადიმ ხმალაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 5 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ოლიგარქის შსს-მ 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“პოლიციის ორი ეკიპაჟი და 7 პოლიციელი დაადგა ჩემ პენსიონერ მშობლებს ახლა თელავში – ჩემი 5000-ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად, არადა კარგად იციან ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისში. 18 თებერვალს მათი ბატონის დაბადების დღის “აღნიშვნა” არ მაპატიეს, თუმცა რეალური მიზეზი მაინც ჩემი საქმიანობაა. არავის ეშინია, ცეცხლი ოლიგარქიას”, – წერს იურისტი.

უკვე 86 დღეა, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.

„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button