მნიშვნელოვანისიახლეები

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხმაურებები მოყვა

ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მადლობას უხდის მათ, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და გადაწყვეტილების შინაარსი შეაფასა.

“უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა…

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილის და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ”, – თქვა ნიკა მელიამ.

მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს გამარჯვებაა. ამ საკითხზე პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში მან გააკრიტიკა წინა ხელისუფლება.

“მინდა ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს მივულოცო გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. დიდი ხანი ველოდით, ყველაფრის მიუხედავად: გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც ისკანდერის ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან; გვყავდა ხელისუფლება, რომელიც რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს უჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ დიდი მცდელობით, დიდი შრომით მოახერხა, რომ მოეპოვებინა გამარჯვება და ეს დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო…

მხოლოდ მათი დადანაშაულება ნიშნავს, რომ ქართულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, დიდი ომი საერთაშორისო სასამართლოში, მოიგო. ეს არის მისალოცი ამბავი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ მუშაობს ხელისუფლება საერთაშორისო სტრუქტურებთან 2008 წლის დანაშაულების გამოსაძიებლად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქმის წარმატებით დასრულება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ვულოცავთ ყველას, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰააგის სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელმაც სამი ადამიანი გაასამართლა 2008 წლის ომში საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დანაშაულების გამო. მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, რომ ამ საქმის ასე დამთავრება ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას ისტერიკა, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ გამოძიების პროცესში და როდესაც აბსურდულ, დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებდნენ, თითქოს „ქართული ოცნება“ საერთაშოროსო სასამართლოსთან ერთად მუშაობს, რათა საკუთარი ჯარისკაცები „გაწიროს“. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რამდენად მტრულად ექცევიან საკუთარ სახელმწიფოს, რა განზრახვები აქვთ საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. კიდევ ერთი დადასტურებაა, როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება საერთაშორისო სტრუქტურებთან, რათა 2008 წლის დანაშაულები ბოლომდე იქნას გამოძიებული. შეგახსენებთ, ეს არის მეორე საქმე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველომ მოიგო. პირველი საქმე სტრასბურგში შარშან იყო. ეს ყველაფერი არის ლუსტრირება და ნათელის მოფენა, ერთი მხრივ, როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და რას აკეთებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, მეორე მხრივ, რას აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ასად ახმად ხანის გადაწყვეტილებას 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიების შესახებ.

„მე მინდა პირველ რიგში ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილება მივულოცო საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ. დღეს უკვე ოფიციალურადაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება, ვინმეს ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა.

დღეს ჰააგის პროკურორმა საბოლოოდ დახურა გამოძიება 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიება გაგრძელდება მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც გამოკვეთილია დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ეპიზოდებზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პროკურორმა უკვე ეთნიკური ოსების და რუსი გენერლის პასუხისმგებლობა გამოკვეთა ამ ომში, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს ომის დანაშაულები”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა მოიგო.

„დღევანდელ გადაწყვეტილებაში პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაული ჩადენილი იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მას ჰქონდა ეთნიკური ნიადაგი, ეს იყო მასშტაბური და დანარჩენ ეპიზოდში, სადაც შეიძლებოდა, პოტენციურად საქართველოს რაიმე დარღვევა დადგენილიყო, ეს ნაწილი მთლიანად ჩაიხურა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა სუფთად მოიგო. მოიგო ისე, რომ არც სტრასბურგში და არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არცერთი დარღვევა. აქაც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში, მაგალითისთვის, 3300 საჩივარი იყო შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კოორდინაციით და იქაც საქართველომ სუფთად მოიგო აბსოლუტურად ყველა საქმე. შესაბამისად, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილებები სტრასბურგსა და ჰააგაში აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთს ფედერაცია და მის მიერ დაქვემდებარებული პირები”, – თქვა ძამაშვილმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button