ჰაერის ხარისხი თბილისში
რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე
თბილისის მცხოვრები:
“ძალიან დაბინძურებულია. მე პირადად, ყოველთვის თავს ვარიდებ, დიდუბეში და ვაგზალზე არ მოვხვდე, რადგან იმ ცოტა ხანშიც, ძალიან ვგრძნობ ჯანმრთელობის გაუარესებას.”
თბილისელები ჰაერის დაბინძურებას უჩივიან. ქალაქში ჰაერის ხარისხი სულ უფრო უარესდება. პრობლემა კომპლექსურია და ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მისი მოგვარება ჯერ ვერ ხდება.
თბილისის მცხოვრები:
„არის უბნები, სადაც ძალიან დაბინძურებულია ჰაერი. მაგალითად, მუხიანი სუფთაა, მაგრამ იქვე, შეშელიძე კატასტროფულად დაბინძურებულია. ასევე არის გლდანში, მაგალითად, მეტროს მიმდებარე ტერიტორია… ყოველთვის, ყოველთვის იგრძნობა, რომ საშინელი ჰაერია.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ათიდან ცხრა ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს ისუნთქავს. რაც ყოველწლიურად, საშუალოდ, 7 მილიონამდე ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა იწვევს არაერთ დაავადებას, რომელთა შორისაა ინსულტი, ფილტვების კიბო, გულის იშემიური დაავადებები და სასუნთქი გზების დაზიანებები, რაც სიკვდილიანობას განაპირობებს. არსებობს ჰაერის დაბინძურების 5 ტიპი: ძალიან კარგი, კარგი, ნორმალური, ცუდი და ძალიან ცუდი. ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ამბობს, რომ თბილისის მასშტაბით, ჰაერის დაბინძურების ხარისხი ნორმალურია. თუმცა, დიდუბესა და მარჯანიშვილის მიდამოებში, ნორმალურიცაა და ცუდიც. მისი თქმით, 2020-2021 წლებში საქართველოს დედაქალაქში 140 ათას ადამიანს დაუფიქსირდა სასუნთქი სისტემების ავადობა, რაც პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. აღნიშნული რიცხვი კი, მზარდია.
გიორგი ჯაფარიძე:
„2020-2021 წლებში 140 ათას ადამიანს დაუფიქსირდა სასუნთქი სისტემის ავადობა. და აქედან, 50 000 იყო 9 წლამდე ბავშვი. 2010-2020 წლებში, სასუნთქი სისტემის ავადობით, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან, სიკვდილიანობა გაზრდილია 589%-ით. ჩატარდა „ნასა“-ს სატელიტებიდან გამომდინარე კვლევა. თბილისი არის მესამე ადგილზე ჰაერის დაბინძურების [მხრივ], ამ დედაქალაქებში, ევროპულ ქვეყნებს შორის.“
ჰაერის დაბინძურების კუთხით, თბილისში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს „მწვანე პოლუსის“ წევრი თამარ ჩუმაშვილი. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის ფაქტორი, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ დედაქალაქში ცხოვრობს და თბილისელთა უმეტესობა ავტომობილებით გადაადგილდება. ამას კი, მშენებლობები ემატება. თამარ ჩუმაშვილის განცხადებით, თბილისში ყველაზე დაბინძურებული უბნებია მარჯანიშვილი და დიდუბე.
თამარ ჩუმაშვილი:
„საქართველოს მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს და ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება ყოველდღიურად ავტომანქანით, რაც პირველი გამომწვევია ჰაერის დაბინძურების. ძირითადი დამაბინძურებელი, როგორც გითხარით, არის ავტომანქანა და მშენებლობა. ყველაზე დაბინძურებული უბნები თბილისში არის მარჯანიშვილი… ყველაზე მეტად აქტიურად მოძრავი, ერთ-ერთი… და ასევე, – დიდუბე, სადაც არის „ელიავა“, ყველასთვის კარგად ცნობილი ბაზრობა, რაც ასევე ძალიან ხელს უწყობს თბილისში დაბინძურებული ჰაერის არსებობას.“
ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი“ საქართველოს მასშტაბით ეკოლოგიური პრობლემების აღმოჩენისა და აღმოფხვრისათვის მუშაობს. დღესდღეობით, საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სამთავრობო ქსელი არსებობს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობდა მონიტორინგის სხვა წყარო. ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „არნიკას“ და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის მხარდაჭერით, „მწვანე პოლუსის“ გუნდმა საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პირველი სამოქალაქო ქსელის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ისინი ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ უყენებენ ჰაერის საზომ აპარატს, ე.წ. „სიომეტრს“. მონაცემები კი, საჯაროა ორგანიზაციის საიტზე. მალე ტელეფონ-აპლიკაციებსაც ჩაუშვებენ.
გიორგი ჯაფარიძე:
„პირველი ქართული ჰაერის საზომი აპარატი „სიომეტრი“, რომელიც შეიქმნა ჩვენს ჩეხ მეგობრებთან ერთად და უკვე წარმოებაში არის, დაახლოებით, 80 აპარატი, როგორც ვთქვი. დაყენებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ხდება 24-საათიან რეჟიმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი.“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების მიმართულებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ნოე მეგრელიშვილი:
„2024 წლის პირველი იანვრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტომობილებისთვის, ევრო5-ის სტანდარტი. 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, ევრო5-ის სტანდარტი გავრცელდება ასევე, სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის. ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აჩერებენ ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს და შესაბამისი სანქციები, რა თქმა უნდა… არაერთი ასეული სანქცია იქნა უკვე გამოწერილი. ქვეყანაში აიკრძალა ექსპორტი ეგრეთწოდებული „კატალიზატორების“, რაც იმედს გვაძლევს, რომ შეამცირებს აი, იმ მავნე პრაქტიკას „კატალიზატორების“ ამოღების.“
მოსახლეობის უმეტესობას ჰაერდაცვით პოლიტიკასა და უშუალოდ თავის დასახლებაში არსებულ ჰაერის ხარისხზე ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურება საქართველოში, ყოველწლიურად, ათასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. მაგალითად, მხოლოდ 2016 წელს, აღნიშნული მიზეზით, საქართველოში 6845 ადამიანი დაიღუპა.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.