„ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 600 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა
ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები, მეორე დღეა მიმდინარეობს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე ისრაელმა 600 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს განაცხადა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ისრაელელი ჯარისკაცი, 20 წლის ნადავა კოენი დაიღუპა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულა და ჯარები გაიყვანა. ისრაელის არმიამ განაცხადა, 23-24 მარტის მონაცემებითოპერაციის ფარგლებში 200-მდე ბოევიკის ლიკვიდაცია განახორციელეს 480-ზე მეტი კი დააკავეს ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები, მეორე დღეა, მიმდინარეობს. გუშინ ანტისამთავრობო აქციას იერუსალიმის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეუერთდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, დღეს აქციის მონაწილეები ისრაელის პარლამენტთან მივიდნენ აბრებით. ისინი ნეთანიაჰუს გადადგომასთან დაკავშირებულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლება.
ცნობისთვის ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მოსპობდა ჰამასს და მძევლებს შინ დააბრუნებდა, მაგრამ ეს მიზნები განუხორციელებელია.
ჰამასმა დიდი დანაკლისი განიცადა, მაგრამ მთლიანობაში ქმედუნარიანი დარჩა.
მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლეს ნოემბერში ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ მას მერე წარუმატებელია საერთაშორისო შუამავლების მცდელობა, გათავისუფლდნენ დანარჩენი მძევლებიც.
31 მარტს განახლდა მოლაპარაკება კაიროში, სადაც ისრაელის დელეგაცია ჩავიდა, მაგრამ არ არის ნიშანი იმისა, რომ წინსვლა იქნება. მძევლების ოჯახები თვლიან, რომ დრო გადის და სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ ნეთანიაჰუს მიმართ უკმაყოფილებას.
ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები თვლიან, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს.
აქციის ორგანიზატორები გეგმავენ ისრაელის პარლამენტთან დარჩენას ოთხშაბათამდე, როდესაც პარლამენტი საგაზაფხულო დასვენების შემდეგ მუშაობას განაახლებს.
შეგახსენებთ, თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს ვარაუდებს ვადამდელი არჩევნების შესახებ და აცხადებს, რომ ამით მხოლოდ „ჰამასი“ ისარგებლებს.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა და ღაზაში წაიყვანა 250-მდე ადამიანი. ამის შემდეგ ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 32 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.