ჰელსინკის კომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაათავისუფლოს ნიკა მელია
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ჰელსინკის კომისიის” ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი აცხადებენ, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს და საქართველოს მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
“მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად” – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: სენატორი როჯერ უიკერი; სენატორი ბენ კარდინი; კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი; კონგრესმენი ჯო იულსონი.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოხატეს და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდეს, ევროპარლამენტარებმა, ადგილობრივმა საელჩოებმა, მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.