“ჰერეთი” თბილისში მაუწყებლობას დაიწყებს [Audio]
8 წლიანი მოლოდინის შემდეგ რადიო “ჰერეთი” თბილისში რადიო სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ტალღაზე FM 93.5 გახდა. ჰერეთი საძიებო სისტემაში FM-ზე პირველი რადიოსადგური იქნება. როგორც რადიო “ჰერეთის” დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რადიოსადგური მაუწყებლობას თბილისში მალე დაიწყებს.
მოუსმინეთ რამაზ სამხარაძის ხმას
სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი”, მეჩვიდმეტე წელია მედიაბაზარზეა და წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა.
“ჰერეთის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM102.8 ამჟამად კახეთის რეგიონის 90%-ს მოიცავს. დაფარვის არეალში ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია.
ჰერეთი ქალაქ ლაგოდეხშია ბაზირებული, გააჩნია თბილისის მარკეტინგული ოფისიც. ამჟამად რადიოსადგურში სრულ შტატზე 16 თანამშრომელია დასაქმებული.
ჰერეთის დამფუძნებელი და დირექტორია რამაზ სამხარაძე, საქართველოს მოქალაქე – წილი 100 %; პროფესიით მედია-მენეჯერი.
“ჰერეთის” დამფუძნებლებს ურთულეს პირობებში უწევდათ დამოუკიდებელი რადიოსადგურის შექმნა და განვითარება, თუმცა რადიოს თანამშრომელთა გუნდურობამ და მსმენელში პოპულარობამ “ჰერეთი”განვთარების ახალ ეტაპებზე გადაიყვანა.
დღეს, რადიო “ჰერეთი” საქართველოში ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია რეგიონულ რადიოსადგურებს შორის.
მიუკერძოებელი საინფორმაციო პოლიტიკა,ნდობის მაღალი რეიტინგი, მუდმივი ინოვაციურობა და მზარდი განვითარება, ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე “ჰერეთის” მდგრადი სამაუწყებლო პოლიტიკის და შეუპოვარი გუნდის მიღწევაა.
კახეთში, სადაც ამჟამად რადიოსადგური მაუწყებლობს უამრავი ადგილობრივი და სოლიდური საერთაშორისო ჯგუფების კვლევებით, მრავალი წელია ლიდერი მედიასაშუალებაა.
“ჰერეთი” დაარსებიდან დღემდე ინარჩუნებს ობიექტური, მიუკერძოებელი და სანდო საინფორმაციო პოლიტიკის მატარებელი მედიაკომპანიის იმიჯს. ამის წინაპირობაა ისიც, რომ ჰერეთის დამფუძნებლები და თანამშრომლები არ არიან პოლიტიკური პარტიების ან სხვა სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები. ჰერეთი გამოირჩევა ერთსულოვანი თანამშრომელთა გუნდით და ორგანიზებულობით.