მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგი იყო”

ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მის დაკავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ მისი დაპატიმრება მისივე “გადამლაშებების” შედეგი იყო:

“სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგი იყო”. – თქვა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, თუმცა ამ თემაზე დამატებითი განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

ირაკლი ოქრუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო: 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2004-2006 წლებში, – თავდაცვის, 2006 წლის 10 ნოემბერს კი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა, თუმცა პოსტი 1 კვირაში დატოვა.

2007 წლის სექტემბერში მან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა, მათ შორის იყო მკვლელობების შეკვეთა. ამ განცხადებებიდან ორი დღის შემდეგ, ოქრუაშვილი თავისივე ახლადშექმნილი პარტიის ოფისში დააკავეს.

დაკავებიდან 2 კვირის შემდეგ მან უარყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები და ბრალი აღიარა. ყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო გაურკვეველ ვითარებაში დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში, სადაც ცხოვრობდა 2012 წლამდე. წლების მანძილზე ის “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდებოდა და აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მომდევნო წლის იანვარში სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბოლოს, ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს და 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.

საბოლოოდ, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავასთან ერთად, ამა წლის 15 მაისს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button