მნიშვნელოვანისიახლეები

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თანამშრომლობა დასრულდება“

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „თანამშრომლობა დასრულდება“.

შესაბამისი განცხადება დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული დრო, „ოფიციალურად როდის იქნება“ აღნიშნულის დეკლარირება.

„ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით, დროს და მომენტს“ , – განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ „ალბათ, ეს ლოგიკურია”.

დეკანოძის თქმით, პოლიტიკაში დარჩება.

„პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას ნამდვილად. ასეთი გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად დადგება, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის [მიხეილ სააკაშვილი] ან ნიკასთვის [ნიკა გვარამია]“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება. „ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილი ერევა პარტიის საქმიანობაში”, – შენიშნა მან. დეკანოიძის თქმით, მერაბიშვილი პარტიაში გამართულ არჩევნებში ერეოდა.

როგორც ხატია დეკანოიძემ თქვა, „ნაციონალური მოძრაობა” ძველი პარადიგმით ვერ იმოქმედებს.

დეპუტატმა განაცხადა, რომ არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, თუმცა პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

„ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც ოფიციალურად დადგება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს არის პრინციპისა და ღირსების საკითხი“, – დაამატა მან.

22 მარტს ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ოპოზიციური პარტიის დატოვებაზე ნაფიქრი აქვს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატს საჯაროდ ჰქონდა უთანხმოება პარტიის ხელმძღვანელობასთან, ეხებოდა საპარლამენტო ბოიკოტს, რომლის შეწყვეტასაც დეკანოიძე აქტიურად მოითხოვდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button