მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის, ხოლო საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი – ფრონტი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, ზაპორპჟიადან 350 კილომეტრის სიგრძეზე, მდინარე დნეპრის გასწვრივ გადაინაცვლებს.

დაზვერვის დღევანდელ ანგარიშში წერია:

“რუსული ჯარები თითქმის სრულიად გროვდებიან უკრაინის სამხრეთით. ისინი ან უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში არიან, ან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებიან.

რუსული არმიის გრძელი კოლონა, რომელიც სამხედრო სატვირთო მანქანებისგან, ტანკებისგან, არტილერიისგან და სხვა შეიარაღებისგან შედგება, დონბასის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართება.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული აღჭურვილობა რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლიდან, ბერდიანსკიდან და მარიუპოლიდან და რუსეთის ტერიტორიიდან გააქვთ და ქერჩის ხიდის გავლით ყირიმში მიაქვთ.

ტაქტიკური ბატალიონები, რომლებიც 800-დან 1000 ჯარისკაცისგან შედგება, ყირიმში განალაგეს, დიდი ალბათობით, მათ ხერსონში რუსული ჯარის დასახმარებლად გამოიყენებენ.

2022 წლის 2 აგვისტოს ახალი ტაქტიკური ბატალიონი განლაგდა ყირიმში, ასევე, გვაქვს ცნობები, რომ ეს ბატალიონები შედგება ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფებისგან. უდიდესი ალბათობით, მათ უახლოეს დღეებში ხერსონში გადაისვრიან.

უკრაინული ჯარები აგრძელებენ ხიდების, ტყვია-წამლის საწყობების, სარკინიგზო კავშირების მიზანში ამოღებას უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მზარდი სიხშირით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ჩათვლით, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს ოკუპირებულ ხერსონთან აკავშირებს. უკრაინული მხარე იყენებს დაზიანების, შეფერხების, ბლოკირების კომბინაციას, რათა გავლენა მოახდინოს რუსეთის ჯარების გადაჯგუფების ლოჯისტიკურ შესაძლებლობაზე.

რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის. უმძიმესი ბრძოლები დაახლოებით 350-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ინაცვლებს, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე დნეპრის გასწვრივ”.
ამასთან რუსეთის ჯარებმა რამდენიმე დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო უბნის მახლობლად, იტყობინება უკრაინის კომპანია “ენერგოატომის“ „ტელეგრამის“ არხი.

ცნობით, რადიოაქტიური ნივთიერებების გამოჟონვა არ დაფიქსირებულა, ერთ-ერთი დარტყმა მაღალი ძაბვის ხაზს მოხვდა.

“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგრძელებს მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას უკრაინის ენერგოსისტემაში იმ ხაზების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს. მათი გამტარუნარიანობის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი მოქმედი ენერგობლოკის განტვირთვისა და ქსელიდან გათიშვის შესახებ, – აზუსტებს”ენერგოატომი”.

მოგვიანებით კომპანია იტყობინებოდა, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა ელექტრო ქვე-სადგური “ლუჩი” – შვიდიდან ექვსი მიკრორაიონი უშუქოდ დარჩა. ამას გარდა, მუშაობა შეწყვიტა წყალმიმღებმა სადგურმა. მეორე დაბომბვის შედეგად, როგორც “ენერგოატომი” ამტკიცებს, მიაყენეს ატომური ელექტროსადგურის მოედანს, იმ ენერგობლოკის მახლობლად, სადაც ბირთვული რეაქტორია განთავსებული. დაზიანდა აზოტ-ჟანგბადის სადგური და დამხმარე შენობა.

კომპანიის მონაცემებით, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფანტვის საშიშროება. “ენერგოატომის” ინფორმაციის თანახმად, დაბომბვამდე “როსატომის” წარმომადგენლებმა სადგური დატოვეს. სააგენტო „ტასსი“ რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, გაწყდა ელექტროგადამცემი ორი ხაზი, რომლებიც აუცილებელია ენერგობლოკების მუშაობისთვის.

3 აგვისტოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული. გროსის თქმით, სადგურზე უსაფრთხოების მოთხოვნები მასობრივად ირღვევა. მისი სააგენტოს სპეციალისტები აუცილებლად უნდა ჩავიდნენ ზაპოროჟიეში, რათა ატომურ ელექტროსადგურზე ჩაატარონ აუცილებელი რემონტი “ატომური ავარიის თავიდან ასაცილებლად” და უზრუნველყონ “ბირთვული მასალების უსაფრთხოების” გარანტია. გროსიმ დასძინა, რომ ამისთვის მის გუნდს დაცვა ესაჭიროება და რუსეთსა და უკრაინას „სასწრაფო თანამშრომლობისკენ” მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button