რუსეთმა 600 ახალწვეული უკრაინაში მიმდინარე ომში გაიგზავნა
რუსეთის დუმა უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე

რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორმა არტურ ეგიევმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში გაიგზავნა 600 ახალწვეული. მისი თქმით, ამისთვის პასუხისგებაში არის მიცემული 12 ოფიცერი.
პროკურორი ემყარება დასავლეთის სამხედრო ოლქის სამეთვალყურეო მონაცემებს. მისი სიტყვებით, ყველა ახალწვეული, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვდა, უკან დააბრუნეს. პროკურორს არ უხსენებია ამ სამხედროთა შორის სიკვდილის ან დაჭრის შემთხვევების შესახებ. კონკრეტულად რა სახით აგებენ პასუხს ოფიცრები, რომლებმაც ომში გაგზავნეს ახალწვეულები, არ იტყობინებიან.
ადრე ცნობილი გახდა, რომ 84201-ე სამხედრო ნაწილის მეზღვაურები, რომლებიც დაიღუპნენ ჩაძირულ კრეისერ „მოსკვაზე“, შეტანილი არიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეთა სიაში. ეს ჩანს შავი ზღვის ფლოტის პროკურატურის პასუხიდან დაჭრილი მატროსის დედის მოთხოვნაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხედრო ნაწილი დაუმატეს სიას, რათა გემის ეკიპაჟსა და მათი ოჯახის წევრებს ფინანსური ანაზღაურების მიღება შესძლებოდათ. პროკურატურის პასუხში არ არის დაზუსტებული, როდის შეიყვანეს სამხედრო ნაწილი სიაში.
შეგახსენეთ რომ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ მხოლოდ კონტრაქტით დაქირავებული სამხედროები და გამორიცხავდა იქ ახალწვეულების გაგზავნას. 10 მარტს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ მათ მაინც აგზავნიდნენ საზღვარზე და რომ რამდენიმე მათგანი „ნაცბატალიონის დივერსიულმა ჯგუფმა“ ჩაიგდო ხელთ.
გარდა ამისა რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
საუბარია 2022 წლის 15 მარტის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ევროპის საბჭოდან გარიცხვის დღიდან.
ცნობისთვის, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის გადახდა მოხდება მხოლოდ რუბლით და რუსული ბანკების ანგარიშებზე.
ამასთან, რუსეთის გენერალურ პროკურატურას სტრასბურგის მხრიდან დაკისრებული ფულადი კომპენსაციის გადახდა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება.
რუსეთის დუმის სპიკერი ამბობს, რომ ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის კონსტიტუციას.
“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს”, – ამბობს რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი.