მნიშვნელოვანისიახლეები

“ლელოს” დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

“ლელოს” დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციის წევრები, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან. 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება უკრაინის მმართველი პარტიისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან.
უკრაინული მხარის მოწვევით, 24 თებერვალს „ლელოს” ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილ რადას საგანგებო სხდომას დაესწრებიან.

როგორც პარტია აღნიშნავს, კიევში ჩავლენ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია. ისინი 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ რადაში, სადაც შეხვდებიან უკრაინის მმართველი პარტიის და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, „ლელო” შეხვედრებს გამართავს, როგორც უკრაინის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან.
“მთავარი რომ უკრაინელმა ხალხმა იგრძნოს, რომ ვართ მათ გვერდით. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, აუხსნელია ნებისმიერი მიზეზით უარის თქმა იმაზე, რომ ჩახვიდე უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან ერთი წლისთავზე და გვერდში არ დაუდგე უკრაინელ ხალხს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
უკრაინის მიწვევის მიუხედავად, „ოცნების” დეპუტატებმა კიევში ვიზიტზე უარი თქვეს. ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა და უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა ირაკლი ზარქუამ დაადასტურა ცნობა, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კიევში მიიწვია.

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს დაესწროს უკრაინის ომის წლისთავზე დაგეგმილ ღონისძიებას. ვიდეომიმართვაში, რომელიც ვაშაძემ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ უკრაინის რადას მოწვევის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობამ დამალა.

უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე კითხვა დაუსვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ. პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია მიმართონ უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს, რადგან “საქართველოს პარლამენტი მოქმედებს სტრუქტურების მიხედვით, ყველა ყველა საკითხში არ არის ჩართული”.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.

უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია; ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები – პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.

მსგავსი პოსტები

Back to top button