მნიშვნელოვანისიახლეები

ყველა მაჩვენებლით იმ ქვეყნებზე წინ ვართ ვინც სტატუსი მიიღო-კალაძე

მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

ხელისუფლება შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება, ამიტომ ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც გოცირიძე ამბობს, არც ერთი მათგანი შესრულებული არ არის.

“12 რეკომენდაციიდან შესრულებული არ არის არც ერთი, ერთიც არ არის. რაც არის, არის ძალიან ზედაპირული და ფასადური. სტატუსის მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საერთაშორისო მდგომარეობაზე. პროგნოზის გაკეთება ძნელია. ეს ხელისუფლება არ არის მუდმივი, შეიცვლება და მომავალ ხელისუფლებას მოუწევს რეკომენდაციების შესრულება. ამიტომ ბუნებრივია, ავანსად კანდიდატის სტატუსი იქნება იდეალური გამოსავალი ამ ვითარებაში. მომდევნო ხელისუფლებას მოუწევს იმ საკითხების გადაჭრა, რაც დგას. ამ ხელისუფლების პირობებში თუ სტატუსი იქნება მიღებული, ეს ხელისუფლებასთან არ იქნება კავშირში, რადგან სტატუსი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურ ვითარებაზე”, – განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დეკემბრამდე დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ მიიღებენ და დალოდებიან ამოიღებს თუ არა რეკომენდაციებიდან ევროკომისია დეოლიგარქიზაციის პუნქტს.

“ევროკავშირის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანა იმართებოდეს დემოკრატიულად, ოლიგარქები არ იყვნენ, არ იყოს არაფორმალურო მმართველობა და უკან ამ მოთხოვნას ევროკავშირი არასდროს წაიღებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონით განისაზღვრება ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის მოსპობა,”- განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი პირობა პოლარიზაციის დასრულებაა. სტოკჰოლმის ზეპირი მოსმენის შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიციაც კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებს და ევროკავშირის გზაზე ხელისშემშლელ ფაქტორად თავიანთ პოლიტიკური ოპონენტებს ასახელებენ.

“მე შემიძლია გითხრათ, რომ დეპოლარიზაციაზე, მათ შორის, იმ ძალიან სერიოზული ზიზღის გამავრცელებელი პროპაგანდის ფარგლებში, “ქართული ოცნების” პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი გაცილებით დიდია, ვიდრე ოპოზიციის, ამ შემთხვევაში,”- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანი წითლიძეც მიიჩნევს, რომ პოლარიზაციის დასასრულებლად მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარესაა.

“ძალიან მკაფიოდ გვითხრეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ 12 პუნქტიანი ვალდებულებიდან ძირითადი პუნქტები – მე-8 და მე-9 შესრულებული არ არის და ამ პუნქტების შეუსრულებლობამდე საქართველოს აქვს პრობლემა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. პოლარიზაციის შემცირების მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ დღეს ყველაფერს აკეთებდეს 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე, პირიქით – კიდევ უფრო მეტ ზიზღს, სიძულვილს და ბოღმას თესავს,” – განაცხადა ანი წითლიძემ.

სტატუსთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს სხვადასხვა მოლოდინი აქვთ. სკეპტიკოსები, ძირითადად, ოპოზიციაში არიან. ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს და მას არც შემოდგომაზე უნდა ჰქონდეს მაღალი ქულის მიღების პრეტენზია. ნაწილს კი, იმედი აქვს, რომ ბრიუსელი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, თუმცა სტატუსს თბილისს გარკვეული დათქმებით მისცემს.

“ევროპა არ არის რაღაც ტექნიკურად შესრულებული ხალხის ადგილი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ადგილია და მარტო მაგის იმედით ვარ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო დონეზე რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ალბათ, ყველაფერი გაკეთდა, მეტზე ისინი წამომსვლელები არ არიან, ჩვენ მაინც გვაქვს კიდევ შანსი, რომ ის სამიანი, რომელიც დღეს დაგვიწერეს გავაძლიეროთ, 3+ მაინც გახდეს, თუ საქართველოს საგარეო კურსი ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის იქნება ბევრად გასაგები,”- აცხადებს “გირჩის” წევრი ჰერმან საბო

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ – მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა „ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ“.

„თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ყველა მაჩვენებლით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, ვინც სტატუსი მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს. საუბარი იყო, რომ ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა ისინი არათუ არ ჩართულან, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება.

რაც შეეხება იმას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება დეკემბრამდე გადაიდო, კალაძე ამბობს, რომ ეს ევროსტრუქტურების მხრიდან თხოვნა იყო, რასაც ხელისუფლება ასრულებს.

„პრემიერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მათი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით არ მიგვეღო. ვითვალისწინებთ, დეკემბრამდე დაველოდებით და არ მივიღებთ. ზოგადად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით. მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. ყველა წარმატებული ნაბიჯი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ევროპაში მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო, არასამართლიანი. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და ქართველი ხალხი და სახელმწიფო არ დაიჩაგრება“, – განაცხადა კალაძემ.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 პუნქტიდან ყველაფერი შეასრულა, რაც მათზე იყო დამოკიდებული. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის კუთხით, მზად არის ნებისმიერ დისკუსიაში ჩაერთოს.

“ჩვენ ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომელიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას და ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შესრულდა ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რაც არ უკავშირდება კანონების მიღებას – რა თქმა უნდა, მათი შესრულება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იგივე დეპოლარიზაცია მხოლოდ ჩვენს მიერ ვერ შესრულდება და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი შეფასებები.

რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, იქ ყველა პუნქტი იქნა პირნათლად შესრულებული. თუ იქნება კითხვები, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ და თუ იქნება დამატებითი დახვეწის ინტერესი, ამასთან დაკავშირებითაც მზად ვართ დისკუსიისთვის. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე სტოკჰოლმის ზეპირ მოსმენას, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად მიიჩნევს, რადგან აღინიშნა, რომ ქვეყანას 12-დან 10 მიმართულებით პროგრესი აქვს.

“საქართველო დღეს, დიახ, რა თქმა უნდა, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ საბოლოო, შეჯამებულ შეფასებებს, რადგან იქ არის გარკვეული მოსაზრებები, რომლითაც ფასდება ცალკეული მიმართულებით ჩვენი ქვეყნის პროგრესი და რომელიც ფაქტებზე მეტად, ალბათ, ეფუძნება გარკვეულ აღქმებს. შეიძლება, გარკვეულწილად, ოპოზიციის მხრიდან წასული ინფორმაციაც, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებულია და არ ასახავს რეალურად არსებულ სიტუაციას, შეიძლება ესეც ახდენდეს გავლენას იმ ნაწილზე, რაც ნეგატიურად შეფასდა.

ეს მაინც საინტერესო შეფასებაა, პოზიტიურად შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს შეფასება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ 12-დან 10 მიმართულებით ევროკომისიამ ჩათვალა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი. რაც ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი ამ მიმართულებით შესრულებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს იგივე რეზულტატები იმ მიმართულებით, სადაც აუცილებელი იყო ოპოზიციის სრულფასოვანი ჩართულობა,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

“ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ობიექტური შეფასების შემთხვევაში, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ასეთ ქვეყანა 100%-ით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

“იმ მოცემულობაში, როდესაც საკითხთან მიმართებაში არის მსჯელობა, რომ პოლიტიკური მდგენელი არის აქტიურად ჩართული, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, შანსები იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, ვფიქრობ, რომ ეს უკვე საზოგადოების განსჯის საგანი უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ აქ პროგნოზების გაკეთება 50/50-ზე იწევს. იმ შემთხვევაში, თუ იქნება ობიექტური, სამართლიანი შეფასება იმ პროგრესისა, იმ გადადგმული ნაბიჯებისა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანა 100%-ით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს,” – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე წარადგენს. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button