მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამხრეთ კავკასიასთან ენერგეტიკული პარტნიორობის პერსპექტივის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

17 დეკემბერს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები ხელს მოაწერენ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“.

„დღეს მე ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ. პოტენციალით სავსე, იმედისმომცემი პარტნიორობა, ევროპაში მწვანე ენერგიის ნაკადისთვის. ენერგია, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი საერთო მომავლისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.
მეზობელ ქვეყნებში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს – მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა დამაბნეველია და ბაზრების დასაცავად უპრეცედენტო ზომებია გასატარებელი.
დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით – ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში,- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანესმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგო უსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.

საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს.

შეგახსენებთ რომ პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს.

ოთხმხრივი შეთანხმება, პროექტში მონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში ფორმდება. რუმინეთშია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება შეთანხმების ხელმომწერი. ცერემონიას ასევე ესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი და რუმინეთის პრეზიდენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button