მნიშვნელოვანისიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ორბელიანების სასახლესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის „გათავისუფლებას“. ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლია, შეწყალებაა, თუმცა პარტიის ლიდერები მედიისთვის მიცემულ კომენტარში ამ სიტყვას არ ახსენებენ.
„კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა საერთოდ და მე ვარ ძალიან ბედნიერი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ასე წვიმაში, ქარში, ყინვაში იდგნენ რიგებში, რომ ხელი მოეწერათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაამარცხოს ეს უიმედობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა და მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან ჩვენი ქვეყანა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი… სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს იმ ასიათასობით ქართველის და მოქალაქის მოთხოვნა და თხოვნა, რომლის პრეზიდენტიც თავად არის“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტს ამ თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია – სალომე ზურაბიშვილი, როგორც წესი, არ ამბობს, ვის შეიწყალებს და ვის – არა. თუმცა სააკაშვილის შეწყალებაზე მისი დაკავების დღესვე თქვა: „არა და არასოდეს“.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.
გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის საქმე და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.
მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობის დასრულების მოთხოვნას 200 ათასამდე ადამიანი შეუერთდა. ეს მოთხოვნა დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ისმოდა. მისი თქმით, 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, წალენჯიხაში და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტის ფოტოებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყეს. გადაინაცვლეს ზუგდიდში, შემდგე ქუთაისში, აქცია იყო გორშიც. ბოლო ლოკაცია კი თბილისში, პრეზიდენტის სასახლე იყო.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან დაწყებული მსვლელობა გრძელდება – “გამარჯვების კოალიციის” წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი გორშიც გამართეს.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს დღის ბოლოს ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება და ამას “პოლიტიკური სითამამე” სჭირდება.

“ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება, ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის არ იქნება კამპანიაში ჩართული და არ მიიღებს მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში,” – ამბობს ცისკარიშვილი.

ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისიე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს.

„ავტობუსით სიარული იმ ჩადენილ დანაშაულებს ვერ გააქარწყლებს, რაზეც პასუხისმგებელია პატიმარი სააკაშვილი. ამ პირის მიერ იმ ისტორიულ მძიმე ქმედებებს ვერავითარი კამპანია ვერ გაათეთრებს, რითაც მან სტრასბურგის სასამართლო გააოცა. შესაბამისად, ავტობუსებით და პიარკამპანიების დაგეგმვით კრიმინალური წარსული ვერ გაქარწყლდება. რა თქმა უნდა, ეს სალომე ზურაბიშვილისთვის ნიადაგის შემზადებაა, რომ მას სივრცე ჰქონდეს, ხელი გაიშვიროს სხვისკენ იმ ქმედებისთვის, რაც შეიძლება, თავად განახორციელოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ავტომობილებით მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. პარტიის ცნობით, მსვლელობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციასთან დასრულდება. “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს ოფიციალურად გადასცემს ხელმოწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 16 თებერვალს დაიწყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button