მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დახმარების ახალი პაკეტი მთავრობისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი, ერთჯერადად, 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.

გახარიას თქმით, კრიზისის პერიოდში ბავშვების სოციალური დახმარების კუთხით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, 17 წლამდე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 000 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ამავე კატეგორიის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

პრემიერის განცხადებით, ასეთი შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა თვითდასაქმებულს, ვისაც პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა, დახმარება სექტემბრამდე ჩაერიცხება.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნულით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა სრულდება.

„სანამ დავიწყებდეთ მოქალაქეების კრიზისში დახმარების სოციალური პროგრამის მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი კომპონენტი დღესვე დავხუროთ და ეს პროგრამა დავასრულოთ. ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ეს პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და მთავრობას 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ მომართა თხოვნით, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით. ეს დახმარება 170 000-მა მოქალაქემ მიიღო, ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული, თუმცა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ, გადავწყვიტეთ ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით, თხოვნა დაუკმაყოფილდეს და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი. ამით ეს პროგრამა დასრულდება.” – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეშიც აუნაზღაურებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო, – 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ პროგრამულად შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.” – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button