მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა რუსული ძალის თავდასხმების ნაწილი მოიგერიეს

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული მხარე არ იცავს საშობაოდ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის პირობას. სამხედროების თქმით, კვლავ ისმის სროლის ხმა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, 14 დასახლებულ პუნქტში უკრაინის თავდაცვის ძალებს მოუწიათ რუსული ძალების იერიშის მოგერიება- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას, დუბრავასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ოზარიანოვკას, სოლედარის, კრასნაია გორას, პოდგოროდნოიეს, ბახმუტის, სოლის, კლეშჩეევკას, პერვომაისკოეს, მარინკასა და პობედას დასახლებებზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო თავდასხმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 20 დარტყმა განახორციელეს.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისკენ. ასევე სამხედროებმა თავდასხმები მოიგერიეს ჩრდილოეთ ნაწილში, ხარკოვის ოლქში და სამხრეთით, ზაპოროჟიეს მხარეს, სადაც საოკუპაციო ძალებმა 23 დასახლების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.

ზაპოროჟიეს რაიონში სპეციალური ოპერაციების ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტებთან ერთად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი დარტყმით 150 ოკუპანტი გაანადგურეს, მათ შორის 10 ოფიცერი იყო.

მათივე ცნობით, მტერი ასევე დიდ ზარალს განიცდის პოლოგისა და ტოკმაკში.

საომარი მოქმედებების მიუხედავად შობის დღესასწაული მიულოცა საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი ახლა იმაზე მეტად არიან ერთიანი, ვიდრე ოდესმე.

უკრაინის პირველი პირის განცხადებით, დღეს მათ ყველას ერთი ოცნება აქვს – გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მშვიდობა ათასობით წლის განმავლობაში.

“გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბება პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. ის ქრისტეს შობას მოასწავებს. შობა ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაულია.

ჩვენ ყველანი ერთად, დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა – სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ – ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს. ერთიანია მისი გამარჯვების რწმენაში. დაე, ჰარმონია ყოფილიყოს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად – მშვიდობა და კეთილდღეობა ათასობით წლის განმავლობაში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენს უკრაინას! ქრისტე იბადება! განადიდეთ იგი!” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button