ოკუპანტებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს -ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი

კიევში ბავშვთა საავადმყოფო Kh-101 ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური [SBU] ავრცელებს.
„ტრაგედიის ადგილზე უკვე ნაპოვნია შესაბამისი მტკიცებულებები: კერძოდ, Kh-101 რაკეტის უკანა კორპუსის ნაწილები სერიული ნომრით და ამავე რაკეტის საჭის ნაწილი“, – იტყობინება დეპარტამენტი.
რუსეთის თავდასხმის შედეგად საავადმყოფოს ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი რომელთა ნაწილის ხმაც ნანგრევებიდან მკაფიოდ ისმის.
დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს ევროპაში.
„ახლა ყველა გვეხმარება ნანგრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი. არ შეიძლება, რუსეთმა არ იცოდეს, საით მიფრინავს მისი რაკეტები და პასუხი უნდა აგოს ხალხის, ბავშვების და ზოგადად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს ამაზე და ყველამ დაინახოს, რა არის რუსეთი და რას აკეთებს“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში დღეს 40 სხვადასხვა სახის ბომბი ჩამოაგდო. განადგურებულია ასევე საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა.
“სხვადასხვა ქალაქები: კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო”, – განაცხადა მან.
პრეზიდენტი, რომელიც პოლონეთში იმყოფება განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას მასობრივად შეუტია.
ამასთან უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, დაზიანებულია ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციული ოთახები, საოპერაციო და ონკოლოგიური განყოფილებები.
კიევის მერის თქმით, მიმდინარეობს დაშავებულთა ევაკუაცია სხვა კლინიკებში.
ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბავშვთა ეროვნული სპეციალიზებული საავადმყოფოს დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.
„კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. კერძოდ, „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია“, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის „ოხმატდიტის“ საავადმყოფო უკრაინაში ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, სადაც 620 საწოლია განთავსებული და ყოველწლიურად 18 ათასამდე ბავშვი მკურნალობს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა “ოხმადეტზე” თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შეგახსენებთ რუსეთმა დღეს უკრაინის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმა 40 ჰიპერბგერითი რაკეტით განახორციელა.
კიევის გარდა დაიბომბა ასევე დნეპრო, სლავიანსკი, კრამატორსკი და კრივოი როგი. კრივოი როგში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ს აღწევს, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
BBC-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, რასსაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინაში, რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
კიევის საქალაქო ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 25 დაშავდა.
კრივი-რიჰის მერის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ქალაქში 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში კი, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს. იტყობინებიან, რომ მათი უმრავლესობა ჩამოგდებულია.
„რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები – კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმებს წერტილი მთელმა მსოფლიომ ერთიანი ძალისხმევით უნდა დაუსვას.
„მთელმა მსოფლიომ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი მონდომება, რათა საბოლოოდ დაასრულოს რუსულ დარტყმები. პუტინს მოაქვს მკვლელობა. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება“, – აცხადებს ზელენსკი.
გამოცემის ინფორმაციით, კიევში, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.
“KAB ტაქტიკური ავიაციის გაშვება ხარკოვის ოლქში! ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე სამხრეთიდან! რაკეტა მიკოლაივის ოლქის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით!”, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცადა, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.
ბავშვთა საავადმყოფოს შემდეგ, ოკუპანტების სამიზნე სამშობიარო სახლი გახდა. მორიგ სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი ადამიანი. უკრაინის ომბუდსმენის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, განმეორებითი თავდასხმის დროს რუსული რაკეტა სამშობიარო სახლს მოხვდა.
„ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია ოთხი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ“, – აღნიშნა ლუბინეცმა.
ომბუდსმენმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო თავშესაფრიდან, სადაც უკრაინელი ბავშვები კიევზე განმეორებითი თავდასხმის დროს იმყოფებოდნენ. მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები მაშინ გაუშვეს, როცა მაშველები და მშვიდობიანი მოქალაქეები „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევებს ასუფთავებდნენ.
„ბავშვები იძულებულები არიან სარდაფებს შეაფარონ თავი. რუსების ცინიზმს და ბარბაროსობას საზღვარი არ აქვს“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, მონაცემები შეიცვალოს.
დღის პირველ ნახევარში, კიევის გარდა, განგაშის სიგნალი თითქმის ერთდროულად, სხვადასხვა რეგიონში ჩაირთო. მასობრივი სარაკეტო იერიშების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ამ მომენტისთვის მთელი უკრაინის მასშტაბით დაღუპულია სულ ცოტა 23 ადამიანი და დაჭრილია დაახლოებით 50. კიევში შვიდი ადამიანი დაიღუპა, კრივოი-როგში – 13, პოკროვსკში – 3.
მანამდე კრივოი-როგის მერი ოლექსანდრ ვილკული 10 დაღუპულისა და 31 დაჭრილის შესახებ იტყობინებოდა.
რუსეთის ჯარებმა ორშაბათს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. როგორც იტყობინებიან, რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში ისმოდა აფეთქებები. ხელისუფლების თანახმად, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე, დაუდასტურებელი მონაცემებით, გაშვებულია ბალისტიკური რაკეტებიც. უკრაინის ტელეგრამის არხები წერენ „ძლიერი დაკვამლიანების“ შესახებ კიევში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რაკეტების ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქის რამდენიმე რაიონში, გაჩნდა ხანძარი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ გაშვებული ექვსი რაკეტიდან სამის ჩამოგდება.