ოლიგარქი ივანიშვილის უფლებები ქართულ ოცნებაში-საპატიო თავმჯდომარის პოსტს ბიძინა იკავებს
ოლიგარქი ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას უკვე მესამედ უბრუნდება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარტიების რეესტრში ოფიციალურად გამოქვეყნდა მმართველი პარტიის ყრილობაზე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წესდებაში შეტანილი ცვლილებები.
„[პოლიტიკური საბჭო] პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” განახლებულ წესდებაშია საუბარი. 30 დეკემბერს მიღებულ შესწორებებში მთავარი საკითხი სწორედ ახალი სტრუქტურული ერთეული – პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, რომლის პოსტსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იკავებს.
„პარტიის სტრუქტურა
პარტიის ორგანოებია:
ა) პარტიის ყრილობა;
ბ) პარტიის პოლიტიკური საბჭო;
გ) პარტიის სარევიზიო კომისია;
გ/1) პარტიის საპატიო თავმჯდომარე;
დ) პარტიის თავმჯდომარე;
ე) პარტიის გენერალური მდივანი;
ე/1)პარტიის პოლიტიკური მდივანი”.
წესდებაში აღნიშნულია კრიტერიუმები, რომლებსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს: „პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება, აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე”.
დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საპატიო თავმჯდომარის უფლებამოსილებები – საპატიო თავმჯდომარე არის პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. ამასთან, მას შეუძლია, მოიწვიოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა. „პოლიტიკური საბჭოს სხდომას იწვევს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით”, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების” წესდებაში.
გარდა ამისა, განახლებულ წესდებაში, ძველი ვერსიისგან განსხვავებით, განისაზღვრა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენის საკითხი. ამ პროცედურაში მნიშვნელოვან რგოლს საპატიო თავმჯდომარე ასრულებს. სწორედ, ის წარუდგენს პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას დასამტკიცებლად. „[პოლიტიკური საბჭო] პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას”, – ნათქვამია დოკუმენტში.
პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება, „ქართული ოცნების” რიგგარეშე ყრილობის მოწვევაც. ის ასევე არის პოლიტსაბჭოს წევრი. „პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი”, – აღნიშნულია მმართველი პარტიის წესდებაში. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ოფიციალურად დაბრუნების გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოცხადდა. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას უკვე მესამედ უბრუნდება.