მნიშვნელოვანისაქართველო

არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის დროს გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესატან სარჩელსაც.

“მადლობას გიხდით ასეთი გმირი შვილის გაზრდისთვის, იმისთვის, რომ თქვენ სამშობლოს გაუზარდეთ მებრძოლი ჯარისკაცი, რომელიც იცავდა ჩვენს ღირსებასა და ინტერესებს ქვეყნის გარეთ და ადმიანი რომელიც გმირულად და ტრაგიკულად შეეწირა სამშობლოს დაცვას. ის უზარმაზარი ტკივილი, რაც ჩვენ თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილის გარდაცვალებით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი გამოძიებული და დამნაშავეები იქნებიან დასჯილი“- მიმართა პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მშობლებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. თუმცა ოფიციალური თბილისი დანამდვილებით ამბობს, რომ ტატუნაშვილი მოკლეს.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button