“ბაღებში, სკოლებსა და სასტუმროებში სახანძრო სისტემების მონიტორინგი დაიწყება”

ბაღებში, სკოლებსა და სასტუმროებში, ასევე ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, სახანძრო სისტემების მონიტორინგი დაიწყება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარ ხანძარსაც გამოეხმაურა.

“ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება და გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ხანძარი ყველგან ხდება და მისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისი მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. „ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button