მოსამართლემ გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ისე გამოაცხადოს რომ ბრალდებულს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება არ მიეცეს

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა ისე გამოაცხადოს, რომ ბრალდებულს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება არ მიეცეს. როგორც დღევანდელ პროცესზე, მოსამართლე ზვიად შავაძემ განმარტა, თუ ლაზარე მომდევნო სხდომასაც არ დაესწრება, ის ჩათვლის, რომ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოს და მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს, შემდეგ კი გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
გრიგორიადისის ადვოკატის შეფასებით, მოსამართლის ეს ქმედება უკანონობა იქნება და აუცილებლად გასაჩივრდება:
“ლაზარე გრიგორიდისს განცხადება ჰქონდა გამოგზავნილი, რომ მას სურდა მონაწილეობის მიღება დისტანციურად და განცხადება არ გამოუგზავნია, რომ საერთოდ არ სურდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ სასამართლომ განმარტა, რომ შემდეგ პროცესზე თუ არ გამოცხადდება, დასკვნით სიტყვებსაც მოვისმენ და მისი საბოლოო სიტყვის გარეშე გამოვიტან განაჩენსო. თუ სასამართლო ამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღებს და მის გარეშე გამოიტანს განაჩენს, დაცვის მხარეს აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება. გავასაჩივრებთ აუცილებლად ყველგან იმიტომ, რომ ბრალდებული რომელიც თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, ეს ცალსახად ფიქსირდება მტკიცებულებით, განცხადებით; ბრალდებული, რომელიც გიწერს, რომ ჩამრთე დისტანციურად და სრულიად უარგუმენტოდ მეუბენები უარს, ამის უფლება ნამდვილად არ აქვთ ” განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის ლიკა ბითაძის განცხადებით, ლაზარეს სრული უფლება ჰქონდა სასამართლო სხდომას დისტანციურად დასწრებოდა, თუმცა მოსამართლემ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
“ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. ბრალდებულს უფლება აქვს, ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია, დისტანციურად ჩართოს ბრალდებული. არანაირი ჩანაწერი არ არსებობს კოდექსში, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის ცნობა, ან რაიმე გარკვეული მიზეზი. სასამართლო თუ ამ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს და მის გარეშე გამოიტანს განაჩენს, დაცვის მხარეს აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა ლიკა ბითაძემ.
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ბრალდებულს არ ჰქონდა ჯანმრთელობის ან რაიმე სახის პრობლემა, რის გამოც ვერ შეძლებდა პროცესზე დასწრებას, ამიტომ რამდენიმე დღით გადადო სასამართლო სხდომა.
“მას უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა პროცესში. ამ შემთხვევაში, ბრალდებულს ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა, ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც სხვა რაიმე გარემოება არ უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობაში და ეს, უბრალოდ, მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოკლე ვადით, ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღით, გადაედო პროცესი. არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არის საკმარისი”, – განაცხადა თამარ იაკობიძე.
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდების მხარეს გასული წლის მარტის აქციებზე დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ გააჩნია, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კადრებში, რომელიც პოლიციის მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, ჩანს ლაზარე გრიგორიადისი.
“დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის არსებითი განხილვის დროს არაერთი მტკიცებულება გამოიკვეთა, როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასვე მოწმეებმა მისცეს ჩვენება სასამართლო პროცესზე. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ”, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. ლაზარეს პროცესში მონაწილეობა ონლაინ რეჟიმში სურდა, თუმცა მოსამართლემ მას ამის საშუალება არ მისცა და მისი დარბაზში დასწრება მოითხოვა. მოსამართლის თქმით, გრიგორიადისს არ ჰქონდა მიზეზი იმისთვის, რომ პროცესში მონაწილეობა დისტანციურ რეჟიმში მოეთხოვა.
გულის სიღრმეში სასამართლო პროცესის გადადებას ველოდი – ყველანაირად წელავენ პროცესს. უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში, – ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს.
“გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. თავდაპირველად, მივმართავთ პრეზიდენტს, რომ შეიწყალოს. თუ ესეც არ მოხერხდა, მაშინ, ალბათ, წავალთ ევროპის სასამართლოში, გავასაჩივრებთ. საქმიდან გამომდინარე, რაც ჩანს, ლაზარეზე არაფერი აქვთ. წესით და კანონით, მგონი დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ლაზარეს მიმართ მოსამართლემ, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. სადღაც გულის სიღრმეში [სასამართლოს გადადებას] ველოდი იმიტომ, რომ რასაც ვუყურებთ, ხომ ხედავთ, ყველანაირად წელავენ [სასამართლო პროცესს]. უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში და ამ საბაბსაც ირგებენ თავის თავზე”, – განაცხადა გია კალანდაძემ.
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე დისტანციურად სურდა ჩართვა. დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ მას სასამართლოსთვის მიმართვა უნდოდა და ამ ფორმით უფრო უმარტივდება საუბარი. მოსამართლემ თქვა, რომ წარმოდგენილი არ იყო მიზეზი, რის გამო სურდა ბრალდებულს დისტანციურად ჩართვა.
ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა გრიგორიადისი სასამართლოს სიტყვით მიმართავდა. ზვიად შარაძემ შემდეგი სხდომა 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩანიშნა.
“ერთი წელია ისე მივეჩვიე ამ რაღაც უჩვეულო ცხოვრებას, სულ მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, ანუ არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა. ლაზარეს ჰქონდა სურვილი ონლაინ ჩართულიყო, იმიტომ, რომ ვერ საუბრობს ხოლმე რაღაც რომ უნდა თქვას, გონება მეფანტება და ხალხი მაბნევსო, მოსამართლემ გვითხრა უარი. ალბათ რვაში გამოცხადდება ლაზარე, თავის სათქმელსაც იტყვის და გადაწყდება საბოლოოდ, დადგება განაჩენი”, – თქვა თამთა კალანდაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს, ბრალდებულის დედა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მიმართავს.
თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული – თუ ერთი ადამიანის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად. ნებისმიერ დროს, ვინც დასჭირდება, მას დაგვაკავებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქალაქო სასამართლოში, განაცხადა.
მისი განცხადებით, მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს.
“თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული. სამართლიანი სასამართლოს იმედი არ მაქვს. გამიკვირდება ძალიან, თუ სასამართლო გაათავისუფლებს, იმიტომ, რომ სინამდვილეში მას ამის არჩევანი არ აქვს. თუ ერთი ადამიანის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად. ნებისმიერ დროს, ვინც დასჭირდება, მას დაგვაკავებს. ეს არის მესიჯი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი უნდა შეიწყალოს.
“პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. ადამიანი ისეა დაკავებული, რომ მტკიცებულებები არ არის. ჩემი მოლოდინი ის არის, რომ უნდა შეიწყალოს. ექსპერტიზა არ გვაქვს. რომ გვქონდეს, აქ კი არ ვიქნებოდით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, დაცვის მხარე დიდი ხანია საუბრობს, რომ სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სხდომა გადაიდო. წინა პროცესი 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ცნობისთვის, დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, 8 აპრილამდე გადაიდო.