ჰერეთის მენეჯმენტმა სუს-ის ტექნიკა ლაგოდეხის ანძიდან გათიშა [Audio]

ლაგოდეხში, ბაისუბნის ანძაზე, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის გადამცემი აპარატურა რადიო ჰერეთის მრიცხველზე იყო მიერთებული.- ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ხელმძღვანელმა რამაზ სამხარაძემ განაცხადა.
“ელექტროენერგიაზე საეჭვოდ მაღალი გადასახადები მოგვდიოდა, აღმოჩნდა რომ სუს-ის გადამცემი აპარატურა ჩვენს მრიცხველზე დაახლოებით 2 წელია მიერთებული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა ტელე-რადიო ცენტრის ადმინისტრაციას და არც კახეთის ენერგოდისტრიბუციას” – განაცხადა რამაზ სამხარაძემ, რომელიც სუსის კახეთის რეგიონის წარმომადგენელსაც ესაუბრა.
“მე ვესაუბრე ვინმე გურამს, რომელიც მათი ერთ-ერთი ხელმძღვანელია კახეთში, ვინც კურირებს გადამცემ-აპარატურას, მან განმიცხადა, რომ თქვენ იცით საერთოდ ვის ეკუთვნის ეს გადამცემებიო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ არ მაინტერესებდა ვის ეკუთვნოდა აღნიშნული აპარატურა და რომ გავთიშავდით და ვიჩივლებდი”
რადიოსადგური ზარალის ოდენობას ითვლის.