ჰერეთი საინფორმაციო მაუწყებლობას სექტემბრამდე გააჩერებს
მედიაჰოლდინგი ჰერეთის ახალი ამბების სამსახური და გადაცემები რადიოსადგურებზე თბილისი FM93.5, ჰერეთი FM102.8 და ციტრუსი FM97.3 სექტემბრამდე გაჩერდება.
მენეჯმენტის განცხადებით, რადიოებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა რადიოები მაუწყებლობას არ შეწყვეტს და ამ ხნის განმავლობაში მსმენელს პოპულარულ მუსიკასთან ერთად, თანამედროვე ახალ ჰიტებსა და ღამის ელექტრონულ მუსიკასაც შესთავაზებს.
“ურთულეს პირობებში გვიწევს არსებობა. პანდემიის, რუსეთ-უკრაინის ომისა და სარეკლამო ბაზარზე ცვლილებების ფონზე, ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას და ვმართოთ კრიზისული პერიოდი, რომელიც ყველა მედიის წინაშეა. ვფიქრობ სექტემბრიდან სრულიად განსხვავებული ფორმატით დავბრუნდებით. ახალი ამბები მუშაობას გააგრძელებს ჩვენს ვებგვერდზე და Facebook -პლატფორმებზე.” – აცხადებს ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე.
ახალი სამაუწყებლო სეზონიდან, ჰერეთი ცვლილებებს გეგმავს, რის შესახებაც მსმენელს ეტაპობრივად ეცნობება.