ჰერსონის ოლქზე საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
ორკები ფრონტის ხაზის გასწვრივ, დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ

4 დაღუპული და 5 დაშავებული – ჰერსონის ოლქზე საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ამბულატორია და რამდენიმე მაღაზია.
აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავის ოლქშიც. ქალაქ კრემენჩუგის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 5 რუსული დრონი ჩამოაგდეს. დაიბომბა სუმის ოლქის 7 დასახლება. ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული მოიერიშეების გააქტიურების გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვიში, დნეპროპეტროვსკსა და კიროვოგრადში.
საოკუპაციო ძალის მიერ განადგურებული სამოქალაქო და ენერგეტიკული ობიექტები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა დაათვალიერა. კარიმ ხანის ვიზიტის მთავარი მიზანი რუსული თავდასხმების შესწავლაა.
მძიმე ღამე იყო ფრონტის ხაზზე. უკრაინელმა სამხედროებმა აგრესორის 85 შეტევა მოიგერიეს. გენერალური შტაბი დანაკარგის შესახებ ცნობებს არც ამჯერად ავრცელებს. თავდაცვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ რუსული არმიის იერიშის შემდეგ უკრაინელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს.
გრძელდება ინტენსიური ბრძოლა ბახმუტისთის. როგორც ადგილზე მყოფი უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, საოკუპაციო ძალის გაზრდილი პირადი შემადგენლობის და შეიარაღების მიუხედავად, თავდაცვით პოზიციებს არ თმობენ. ქალაქის რუსული არმიისთვის გადაბარებას არც ოფიციალური კიევი გეგმავს.
ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ორკები ფრონტის ხაზის გასწვრივ, დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ.
“რუსები ბელოგოროვკასა და კრემენაიას მიმართულებით წინსვლას ცდილობდნენ. ორკები ფრონტის ხაზის გასწვრივ, დეოკუპირებული დასახლებების დაბომბვას აგრძელებენ. იციან, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობაა”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ჰაიდაის თქმით, მტრის თავდასხმების რაოდენობა ირანული კამიკაძე დრონებით გაიზარდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინა უკვე მუშაობს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, რათა სათანადო აღჭურვილობა მიიღოს იმისთვის, რომ უკრაინელმა დამცველებმა მტრის შეტევების მოგერიება შეძლონ.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
“ოთხშაბათს, კიევის რეგიონში აღმოაჩინეს უპილოტო საფრენი აპარატი, მასზე საბრძოლო იერიში მიტანილი იქნა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. სამიზნეს მოხვდა”, – განაცხადა საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა
მისი თქმით, ჩამოგდებული საფრენი აპარატის ნაწილების პოვნის შემდეგ დადგინდება დრონის ტიპი.
კიევის რეგიონში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით 11:33 საათიდან 12:42 საათამდე გაგრძელდა. კიევში, 11:32-დან 12:08 საათამდე სირენები, 36 წუთის განმავლობაში იყო ჩართული.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.