მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან

“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, სადაც უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკის დეფიციტი და სასურსათო კრიზისი განხილვის მთავარი თემები იქნება.

მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებასა და კრემლზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებიან.
თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ წერს, მათ სურთ თაივდან აირიდონ ისეთი სანქციები, რომლებმაც შესაძლოა ინფლაცია გამოიწვიოს და გლობალური კრიზისი გააძლიეროს.

გერმანიის სამთავრობო წყაროს ცნობით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ლიდერებს “ნამდვილად კონსტრუქციული” საუბრები ჰქონდათ რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო ფასის ლიმიტის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი და Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნებმა ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ უკვე არსებული სანქციების გამკაცრების მიზნით მიიღეს.

„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტი გერმანიაში, ბავარიის რეგიონში გაიმართება. მასში მონაწილეობას აშშ-ის, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ლიდერები, ასევე ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტები მიიღებენ.

Bloomberg-ის წყაროს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნები გერმანიაში, კვირას, 26 ივნისს დაგეგმილ სამიტზე განაცხადებენ. საკითხთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, რუსეთიდან ოქროს იმპორტზე აკრძალვას დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანა მიიღებს.

Reuters-ის წყარო ამბობს, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო უკვე სამშაბათს, 28 ივნისს გამოაქვეყნებს დადგენილებას ქვეყანაში რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვაზე. წყაროს თქმით, ეს იქნება რუსეთის იზოლაცია ოქროს ბირჟისგან, რაც ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის და შემდგომში უკრაინაში ომის დაფინანსებას გაურთულებს.

Reuters-ი წერს, რომ ოქრო არის რუსული ცენტრალური ბანკის ყველაზე დიდი აქტივი. ყოველწლიურად რუსეთი აწარმოებს დაახლოებით 10% ოქროს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მეორე ყველაზე დიდ მიმწოდებლად ითვლება ენერგორესურსების შემდეგ. დასავლეთის სანქციების გამო, საერთაშორისო ბაზრის არაერთმა მოთამაშემ უკვე შეწყვიტა რუსული ოქროს ყიდვა საბანკო ოპერაციების სფეროში სანქციების რეჟიმის დარღვევის შიშის გამო. ქვეყნის ოქროს მარაგები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გასამმაგდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button