ინდოეთში მაშველები ცდილობენ გვირაბში მომწყვდეული 35 მშენებლის გათავისუფლებას. ორი დღის წინ, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომლის მშენებლობაზეც ისინი მუშაობდნენ, მომწყდარი მყინვარის წყალმა წალეკა.
ოფიციალური პირების ცნობით, მუშები იმ 197 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ვერ იპოვეს. კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი კი უკვე 28-მდე გაიზარდა.
მოვარდნილმა წყალმა დაანგრია ხიდები, სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა და მთიან ლანდშაფტს ღრმა კვალი დაამჩნია. წყლის ტალღას თან ქვები, მიწა და სამშენებლო მასალები მოჰქონდა.
ფიქრობენ, რომ წყალდიდობა ტბის ჩამოშლამ გამოიწვია, რომელსაც ინდოეთის სიმაღლით მეორე მწვერვალი, ნანდა დევი კვებავს და რომელიც მდინარე დაულიგანგას უერთდება.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაკარგულთა უმეტესობა, ტაპოვან ვიშნუგადის ჰიდროელექტრო პროექტის ცვლაში მომუშავე მშენებლები არიან, სადაც გვირაბი მდებარეობს. ნაწილი კი რიშიგანგაზე მუშაობდა, უფრო მომცრო ზომის კაშხალზე, რომელიც ასევე წყალმა წალეკა.
2.5 კილომეტრი სიგრძის გვირაბის შესასვლელთან მისვლას, სადაც მშენებელები არიან მოქცეულნი, მაშველი ჯარისკაცები ბულდოზერებით ცდილობენ. ისინი გადარჩენილების მოსაძებნად სითბური გამოსახულების აპარატურას იყენებენ.
საშინაო საქმეების მინისტრმა ინდოეთის პარლამენტს მოახსენა, რომ წყალდიდობამ ცამეტი სოფელი იზოლაციაში მოაქცია და მათი მომარაგება საჰაერო გზით ხდება.
მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბევრმა ადგილობრივმა გადარჩენა მოახერხა. წყლის ტალღის მოახლოების ხმასთან ერთად, მათ შემაღლებულ ადგილებს მიაშურეს. მაშინ როცა, გვირაბში მომუშავეებმა ვერაფერი გაიგონეს და სტიქიამ ისინი მიწის ქვეშ მოამწყვდია.