მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანმა აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა

ირანი აღიარებს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა- ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

“ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიერ ატეხილი აურზაური, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და დრონები მიაწოდა უკრაინაში ომის დასახმარებლად – რაკეტების ნაწილი სრულიად მცდარია. დრონების ნაწილი სიმართლეა და ჩვენ რუსეთს მცირე რაოდენობის დრონები უკრაინის ომამდე თვეებით ადრე მივაწოდეთ”, – თქვა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ ირანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დრონები უკრაინაში გამოიყენება და რომ თეირანი კონფლიქტის შეწყვეტის ერთგულია.

„თუკი (უკრაინას) აქვს რაიმე დოკუმენტი, რომ რუსეთმა უკრაინაში ირანული დრონები გამოიყენა, უნდა მოგვაწოდოს. თუ დამტკიცდა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული დრონები გამოიყენა, ამ საკითხის მიმართ გულგრილი არ ვიქნებით“, – აღნიშნა ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

მანამდე ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ, რომ რუსეთს აწვდიდნენ იარაღს, რომელიც მათ მოგვიანებით უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენეს.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, ამაზე რამდენიმე თვეა უკრაინის ხელისუფლებაც საუბრობს. თუმცა აქამდე ირანი უარყოფდა, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებდა და აცხადებდა, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ირანელი სამხედრო მწვრთნელები ყირიმში იმყოფებოდნენ და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმ ირანული წარმოების დრონების მართვაში ეხმარებოდნენ, რითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს მიმართოს ყველა გზას, მათ შორის სანქციებს, რათა „გაამჟღავნოს, ხელი შეუშალოს და დაუპირისპირდეს“ ირანის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას და ასევე უკრაინას დაეხმაროს საჰაერო თავდაცვის კუთხით.

რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, 20 ოქტომბერს ირანს სანქციები ევროკავშირმა დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა. EU-ის გარდა, ირანს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

ასევე სანქციები დაუწესდა საავიაციო ინდუსტრია Shahed-ს, რომელიც იმ დრონებს აწარმოებს, რასაც რუსეთი უკრაინაში თავდასხმებისთვის გამოიყენებდა. ბრიტანეთმა ქვეყანაში Shahed-ის აქტივები გაყინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button