მსოფლიოსიახლეები

ჰონგ-კონგში 300 მომიტინგე დააკავეს

ჰონგ-კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე, სადაც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სპეცრაზმმა, აქციის დასაშლელად, წიწაკის ტყვიები ისროლა.

ჰონგ-კონგის პოლიციის განცხადებით, ქალაქის სამ რაიონში, უმეტეს შემთხვევაში, არალეგალურ შეკრებაში მონაწილეობის გამო, დაახლოებით, 300 აქტივისტი დააკავეს.

“გაათავისუფლეთ ჰონგ-კონგი! ჩვენი დროის რევოლუცია”; “ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა ერთადერთი გამოსავალია”. – ამ სლოგანებს ჰონგ-კონგელები საპროტესტო აქციაზე გაიძახდნენ.

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებთან ერთად, მომიტინგეები კიდევ ერთ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რისი მიღების შემთხვევაშიც ჩინეთის ჰიმნის უპატივცემულობა დასჯადი გახდება.

მისი დამტკიცების შემთხვევაში მათ, ვინც ჰიმნს შეურაცხყოფს $6 450 ოდენობის ჯარიმა ან 3-წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ. ამავე კანონპროექტის მიხედვით ჰონგ-კონგის სკოლებში სავალდებულო გახდება მისი სწავლება.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა. მთავარი მიზეზი ჩინეთის გეგმაა, მიიღოს ახალი კანონები, რომელიც ჰონგ-კონგში აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. ახალი კანონებით, პეკინს ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი, ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს, ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ გამართულ მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ იგი ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰოგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე და ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს.

ვანგ იმ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს.

ვანგ იმ ხალხს უთხრა, რომ დარდის ნაცვლად, მათ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის უფრო მეტად უნდა სჯეროდეთ.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს “ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება”.

24 მაისს ჰონგ-კონგში, ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე. ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას.

წყარო: ტაბულა

მსგავსი პოსტები

Back to top button