,,ჰუმანური აქტი 6 000-მდე პატიმარს შეეხება მმართველი პარტიის მხრიდან გადადგმულია მაქსიმალური ნაბიჯი,,-მაჭარაშვილი
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჰუმანური აქტი 6 000-მდე პატიმარს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან გადადგმულია მაქსიმალური ნაბიჯი, რათა პატიმრების რესოციალიზაციას შეეწყოს ხელი.
“6 000-მდე პატიმარს შეეხება ეს ჰუმანური აქტი. ბუნებრივია, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმულია მაქსიმალური ნაბიჯი, რომ პატიმრების რესოციალიზაციას შევუწყოთ ხელი. ჩვენ გვაქვს ბალანსის პრინციპი, არ შეიძლება მასობრივად მოახდინო პატიმრების გამოშვება, რომ მერე კრიმინალის რიცხვმა იმატოს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა და ამიტომ ამას ძალიან კარგად ხვდებიან პატიმრების მშობლები და თავად პატიმრებიც.
ის, რომ იურიდიულ საკითხთან კომიტეტზე მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტია იყო, ერთის მხრივ კარგია, რომ ერთი პარტია მაინც იყო და მეორეს მხრივ ცუდია, რომ დანარჩენებს საერთოდ არ აინტერესებთ საქართველო და პატიმრები. ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ოპოზიცია არ წარმოადგენს ხალხის ნებას, ის წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის ბოლო (საშემოდგომო) სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, მუხლობრივად, განიხილეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა. საკითხი კენჭისყრაზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებები პარლამენტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გააცნო.
გორდულაძის ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ“ პროექტი, დაახლოებით, 1 000 მსჯავრდებულს შეეხება, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებას, შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, დაუყოვნებლივ დატოვებენ. დაახლოებით, 4 800 მსჯავრდებულზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტით გათვალისწინებული შეღავათი სხვადასხვა ფორმით გავრცელდება და ისინი საპატიმროს ეტაპობრივად – რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელში დატოვებენ. ამნისტია ასევე 7 000 პრობაციონერს შეეხება, რომელთაც პრობაციის ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდებათ.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, ამნისტია არ გავრცელდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 133/1 მუხლით, 133/2 მუხლით, 135/1 მუხლით, 142-ე − 144/3 მუხლებით, 150/1 მუხლით, 154-ე მუხლით, 157-ე – 159-ე მუხლებით, 164-ე მუხლით, 171-ე მუხლით, 172-ე მუხლით, 172/1 მუხლით, 174-ე მუხლით, 179-ე მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით, 194/1 მუხლით, 222-ე – 226-ე მუხლებით, 228-ე – 235/1 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 238/1 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−255/2 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-4-მე-6 ნაწილებით ან მე-8 ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, 273/1 მუხლის მე-8-მე-10 ნაწილებით, 280-ე მუხლით, 344-ე – 345-ე მუხლებით, 353-ე მუხლით, 353/1 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII, XXXVII1, XXXVIII, XXXIX ან XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
ამნისტია ასევე არ ვრცელდება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა ჩაიდინა.
ამნისტია არ ვრცელდება პირის მიმართ, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდეს.
ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
კანონპროექტში შესატანი ცვლილების მიხედვით, როგორც გორდულაძემ თქვა, ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მომხსენებელმა დააზუსტა, რომ რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.
განხილვაზე ყველაზე მეტად აქტიურობდნენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრები, რომლის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით პროექტის მე-7 მუხლის გამო გააკრიტიკა. მასში ჩამოთვლილია მუხლები, რომლებზეც ამნისტია არ ვრცელდება.
„თქვენ პატიმრების ხმებს არ იმსახურებთ, რადგან ამნისტიაში მე-7 მუხლი ჩაწერეთ… დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში ერთ მეექვსედით შემცირებას რატომ არ იმსახურებს ეს ადამიანები?“ – მიმართა ხვიჩიამ არჩილ გორდულაძეს.
„ჩვენ ხმებისთვის არ ვაკეთებთ ამ ამნისტიას, ჩვენთვის მთავარი არის, მივიღოთ ისეთი ჰუმანური აქტი, რომელიც დაბალანსებულია“, – უპასუხა გორდულაძემ.
ცნობილია, რომ ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
იაგო ხვიჩია უკმაყოფილოა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი არც ერთი წინადადება არ გაიზიარა. „შეუძლებელია ასეთი დიდი ამნისტიის პროექტი ისე დაწერო და წარმოადგინო პარლამენტში, რომ მასში არცერთი შენიშვნა არ იყოს გასათვალისწინებელი, – თქვა მან და დაამატა, – ადამიანებს მინდა ავუხსნა, რა ცუდია ერთპიროვნული მმართველობა… საკონსტიტუციო უმრავლესობას რომ ითხოვთ, ეს ხომ აბსურდია, მაგრამ ცუდია ისიც რომ უბრალო უმრავლესობა გაქვთ“.
ოპოზიციის დიდ ნაწილი სხდომას არ ესწრებოდა, მათ პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი – თარიღი გადაწიოს 1 ივლისის შემდეგ. პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე შემდეგი მიზეზი დაასახელა: „[„ოცნება“ ცდილობს“] ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაცია ერთხელ უკვე გამართლდა – „ოცნებამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან შეთანხმებით, საკუთარი მოქალაქეების ცემის სანაცვლოდ ზონდერებს დაუსჯელობის პირობა წინასწარ მისცა და ამნისტიას დაჰპირდა. გარიგების მონაწილეებმა პირობა შეასრულეს – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობებზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო არაუფლებამოსილი უწყების – შსს-ს მიერ ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს „ოცნებამ“ ამნისტია შეახო“.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მოსმენით კენჭისყრა 4 სექტემბერს იგეგმება.