მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იან კელის და კარლ ჰარცელის განცხადებები

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა და ამას “მხედველობაში მიიღებენ”.

იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო. ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ მისი უფლებების სრულ პატივისცემას.

“მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება”, – ამბობს ელჩი.

ჰარცელის თქმით, მხედველობაში იღებენ იმ ვითარებასაც, რომ სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. როგორც ის განმარტავს, ევროპული კონვენციის თანახმა, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ პირებს უფლება აქვთ თავი დაიცვან პირადად ან ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით.

ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს იმასაც, რომ კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ მათი შესრულება.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის 10 ნოემბერს გამართული სასამართლო პროცესი საქართველოს მთავრობისა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას ვერ გაამყარებს.

იან კელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არ იცავს ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე.
“ეს არ არის გზა თქვენი მთავრობის ან სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გასამყარებლად, თქვენ ამბობთ, რომ არ გაქვთ შესაძლებლობა დაიცვათ სასამართლო პროცესის ადგილი, ასევე არ ანიჭებთ პრიორიტეტს, ბრალდებულის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი ან შეხვდეს მბრალდებლებს ” , – წერს იან კელი ტვიტერზე

მიხეილ სააკაშვილის გარეშე გამართულ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა კარლ ბილდტიც, მისი თქმით, აღმაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილისთვის უარის თქმა დასწრებოდა საკუთარ სასამართლოს და სტალინის საბჭოთა ეპოქაშიც კი, მოსკოვშიც არ მომხდარა მსგავსი რამ სასამართლოზე.

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება.

გუშინ, 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button