მსოფლიოსიახლეები

იაპონია: “COVID-19-ით შეიძლება 400 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალოს”

იაპონიის მედია ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა მოხმარების პროგნოზს, რომლის თანახმად, შემაკავებელი ზომების გარეშე, შეიძლება ქვეყანაში COVID-19-ის მსხვერპლის რიცხვი 400 ათასამდე გაიზარდოს. ასევე დაიანგარიშეს, რომ მკაცრი ზომების გაუტარებლად, შესაძლოა, ფილტვების ვენტილაცია 850 ათას ადამიანს დასჭირდეს.

იაპონიაში დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 8000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილებისამ კი, 200-ს მიაღწია.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქ ტოკიოში, დაავადებულთა რიცხვის ზრდა შეინიშნება. ამას ხელისუფლებამ ტოკიოსა და ექვს სხვა რეგიონში საგანგებო ვითარების გამოცხადებით უპასუხა. აღნიშნული ზომების მიზანია, ადამიანებს შორის ურთიერთობა 70%-ით შეზღუდოს.

ზომები ხალხის თვითიზოლაციას და ბიზნესების დახურვას ითვალისწინებს. თუმცა, მოთხოვნების დაუმორჩილებლობა არ ისჯება, რადგან იაპონური კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილია, მხოლოდ რეკომენდაციით მიმართოს მოსახლეობას, სახლში დარჩენასთან დაკავშირებით. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეკომენდაცია მაღალი ალბათობით იქნება დაცული, რასაც მოქალაქეების მხრიდან, ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი აზრისადმი დიდი პატივისცემა განაპირობებს.

გასულ დღე-ღამეში იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ოთხშაბათს იაპონიამ განაცხადა, რომ მარტში, შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, უცხოელ სტუმართა რაოდენობამ 93%-ით იკლო. მთავრობა ტურიზმს ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button