ფონდ “იავანანას” საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდი “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებს, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” და მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
“იავნანა” ფონდის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს განცხადებით პასუხობს. განცხადებაში წერია:
“ფონდ იავნანას საქმიანობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე, ფონდი გაწეული ქველმოქმედების შესახებ, ყოველი აქციის დასასრულს დეტალურ ანგარიშს აბარებდა საზოგადოებას. საგადასახადო ორგანოს ასევე ყოველწლიურად ბარდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადასტურებული ფინანსური დოკუმენტები. აგრეთვე, ყოველწლიურად ქვეყნდება წლიური პროგრამული ანგარიში”,- ნათქვამია განცხადებაში.
ფონდი მათ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ბინძურს უწოდებს და ბრალდებებს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.