“იბერიის” დახურვის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი პასუხისგებაში მიეცა
პროკურატურამ ტელეკომპანია “იბერიის” დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნილად გამოაცხადა.
ტელეკომპანია “იბერიის” დახურვის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
“ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგენილია, რომ 2004 წლის იანვარში საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ “ომეგა ჯგუფის” კუთვნილი ტელეკომპანია “იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი.
ამ მიზნით, შემუშავებული იყო დანაშაულებრივი გეგმა. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის” კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის,- აღინიშნა პროკურატურაში ბრიფინგზე.