ICC-მა ნეთანიაჰუს, გალანტისა და ჰამასის მეთაურის დაკავების ორდერები გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ(ICC) ჰააგაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი ასევე გაცემულია მოჰამედ დეიფის მიმართ, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში ღაზაში საჰაერო დარტყმის დროს მოკლეს. მათ ბრალი წაუყენეს ღაზის სექტორში ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.
როგორც სასამართლოს შეტყობინებაშია ნათქვამი, მისმა წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციის დროს, ნეთანიაჰუმ და გალანტმა გამიზნულად და განზრახ დატოვეს ღაზის სამოქალაქო მოსახლეობა გადარჩენისთვის საჭირო ნივთების, მათ შორის საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მარაგის, ასევე საწვავისა და ელექტროენერგიის გარეშე. (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.)
სასამართლოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაეროსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შეზღუდა, რამაც სასამართლოს საშუალება მისცა, მათთვის წაეყენებინა ბრალდება შიმშილის, როგორც ომის საშუალების, გამოყენების შესახებ. ასევე არსებობს ცნობები, სულ მცირე, ორ შემთხვევაზე, რომლებსაც წინასასამართლო პალატა განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმებს ღაზის სამოქალაქო მოსახლეობაზე.
ჰააგის სასამართლოს ისრაელის მაღალჩინოსნებისა და ასევე ჰამასის ლიდერების დაპატიმრების ორდერების გაცემა მანამდე პროკურორმა კარიმ ხანმა სთხოვა.
20 მაისს გახდა ცნობილი, რომ ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა. ამასთან, სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ორდერი პალესტინური დაჯგუფება ჰამასის სამი ლიდერისთვის: იაჰია სინვარისთვის, მუჰამედ დეიფისა და ისმაილ ჰანიესთვის.
მას შემდეგ სამივე ლიდერი დაიღუპა ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად.
მოსამართლეების მოსაზრებით, არსებობს “გონივრული ეჭვი”, რომ სამივე პირს ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ისრაელიც და ჰამასიც ბრალდებებს უარყოფენ.
მაისში ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ნეთანიაჰუს, გალატის, დეიფისა და ჰამასის კიდევ ორი ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარის დაკავების ორდერები მოითხოვა, თუმცა მას შემდეგ ეს უკანასკნელი მოკლეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დეიფის სიკვდილზე გაავრცელა ინფორმაცია, პალატამ განაცხადა, რომ მისი სიკვდილი ვერ დაადასტურეს.
ისრაელმა ჰააგის სასამართლოში რამდენიმე საჩივარი შეიტანა. პირველ საჩივარში ისრაელი ასაჩივრებდა სასამართლოს იურისდიქციას პალესტინურ ტერიტორიებზე და კერძოდ ისრაელის მოქალაქეებზე. მეორეში – მოითხოვდა, რომ სასამართლოს გამოძიების დაწყების შესახებ ახალი ცნობა გაეგზავნა ისრაელის ხელისუფლებისთვის სტატუსის, მე-18 მუხლის შესაბამისად. ისრაელი ასევე მოითხოვდა ყველა სამართალწარმოება შეეწყვიტა. სასამართლომ ისრაელის საჩივრები არ დააკმაყოფილა.
ჰააგის სასამართლოს პროკურატურის საქმე ეხება 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც ჰამასის მებრძოლები ისრაელის სამხრეთს დაესხნენ თავს, რა დროსაც 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო 250 ადამიანი მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს.
ისრაელმა საპასუხოდ სამხედრო კამპანია წამოიწყო და ჰამასის ლიკვიდაციის პირობა დადო. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ კამპანიის ფარგლებში ტერიტორიაზე 44 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.
პროკურორი ხანი ჰამასის ლიდერებს ადანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებში, მათ შორისაა მკვლელობა, მძევლების აყვანა, გაუპატიურება და წამება
ისრაელი და შეერთებული შტატები, ისევე როგორც ისრაელის სხვა მოკავშირეები, მრავალი მიზეზის გამო ეწინააღმდეგებიან ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით.
არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით მან თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგა. მინისტრის თქმით, სასამართლომ იმოქმედა როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა და აბსურდული ორდერები გასცა:
“ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია.
მან იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა „სასამართლომ“ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.
ეს ორდერი არ არის მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმა, არსებითად, ეს არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე – ასევე ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ.
მორალური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ეთიკურ რღვევას, რომელიც სიკეთეს ბოროტებად აქცევს და ემსახურება ბოროტ ძალებს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ორდერის გაცემა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას.
ყველა ღირსეულმა ერმა და მორალის მქონე ადამიანმა მსოფლიოში, ცალსახად უნდა უარყოს ეს უსამართლობა.” ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა.