IDFI-მა ყველაზე ღია და დახურული უწყებები დაასახელა
2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს, 55-ია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა და ღია საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
მიმდინარე წლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელელთა შორის დასახელდა შემდეგი უწყებები: საქართველოს პარლამენტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქპატენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ა.შ.
2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით დაწესებულებების რეკორდულად მაღალი რაოდენობა -25 დასახელდა. ხოლო წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დასახელდა.
IDFI-ს ინფორმაციით 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ 12 უწყებას346 მოთხოვნა გაეგზავნა, საიდანაც პასუხი არც ერთ მოთხოვნაზე არ მიუღიათ . შედეგად იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2016 წელს 2013 წელთან შედარებით 95,6%-ით გაუარესდა და 0% შეადგინა. გარდა ამისა, 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 12 უწყების გარდა, საქართველოს 294 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 14 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომლებმაც სრულიად უგულვებელყვეს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვეს IDFI-ის ყველა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. კერძოდ ესენია: შემოსავლების სამსახური, ასპინძის გამგეობა, ბოლნისის გამგეობა, საგარაჯოს გამგეობა, ყაზბეგის გამგეობა, წალკის გამგეობა, ხონის გამგეობა, ბოლნისის საკრებულო და ა.შ.
აღნიშნულ ღონისძიებას IDFI უკვე მეშვიდე წელია მართავს. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, 2010-16 წლებში IDFI-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. ორგანიზატორების თქმით, 2016 წელს IDFI-ის მიერ მიღებული პასუხების რაოდენობა კვლავ შემცირდა და 85% შეადგინა.