მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“IDS ბორჯომი”და გაფიცული თანამშრომლები შეთანხმდნენ

გაფიცვიდან მეცხრე დღეს “ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. ქარხნები მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

მხარეთა მიერ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, “IDS ბორჯომი” იღებს ვალდებულებას ხელფასების 20-30 %-ით გაზრდისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების შესახებ. ამავე შეთანხმებაში გაიწერა, რომ კომპანია არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ და შეინარჩუნებს ყველა ამჟამად არსებულ სოციალურ პროექტს.

“ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ველაპარაკეთ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ყველაფერი დააკმაყოფილა. მადლობა კომპანიასაც და ჩვენც. ყველა უბანზე გათანაბრდა ხელფასები და შემდეგ წამოვიდა 30%-იანი მატება. ყველაფერს დავაკანონებთ საბუთებით,” – განაცხადა “ბორჯომის” ქარხნის თანამშრომელმა ზურაბ ბუხრიკიძემ.

თავის მხრივ, “IDS-ბორჯომი საქართველოს” დირექტორმა, მერაბ ახმეტელმა განაცხადა, რომ ბორჯომის ქარხნები მუშაობას ხვალიდან, 27 მაისიდან განაახლებენ:

“ამ დღეების განმავლობაში, დასაქმებულებთან საკმოდ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შედგა შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ორივე მხრიდან გარკვეული კომპრომისების გაღებას. შეთანხმება სამართლიანი და ობიექტურია,”- აცხადებს “ბორჯომის” ქარხნის ხელმძღვანელი მერაბ ახმეტელი.

შეგახსენებთ, “ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button