მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსეთის წინააღმდეგ ომში 57 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე, რომელიც ბახმუტში, დანაყოფ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა და 15 ნოემბერს, საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. ქართველი სამხედრო უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ, სექტემბრიდან იბრძოდა. ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. ნიკა გელენიძე, დღესვე, ფოთში საკუთარ სახლში გადაასვენეს.
„დედას უთხრა, რომ პოლონეთში სამუშაოდ მიდიოდა. მე კი მითხრა, პოლონეთში მივდივარ, სამთვიან სამხედრო კურსებზე და სამი თვის შემდეგ დავბრუნდები სახლშიო. პატარაობიდანვე ჯიუტი იყო. რასაც ჩაიფიქრებდა, ის უნდა შეესრულებინა. უკრაინაში რომ ჩავიდა, მერე დაურეკა დედას და უთხრა, სადაც იყო. ყოველ საღამოს ურეკავდა, რა თქმა უნდა, არ ეუბნებოდა, რომ წინა ხაზზე იბრძოდა. ამშვიდებდა, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ უკან ვართ და არანაირი საფრთხე არ გვემუქრებაო. ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, რომ წინა ხაზზე იყო“, – უთხრა მედიას ნიკოლოზ გელენიძის ძმამ, დავით გელენიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო – ნიკოლოზ გელენიძე, თანამებრძოლებთან ერთად, ფრონტის ხაზიდან, ოქტომბერში დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ოჯახის თანახმად, ლევან ლობჟანიძე ბრძოლის ველზე 27 ოქტომბერს დაიღუპა.

„ნიკა და მამა ერთ დანაყოფში იყვნენ. ნიკას დაღუპვის ამბავი ჩვენთვის მეორე და არანაკლებ დიდი ტრაგედია იყო. ჩვენ ყოველთვის იმას ვუსვამთ ხაზს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მამის ცხედრის დაბრუნება გვინდა და დღეებს ვითვლით, არ გვინდა, რომ მისი ცხედრის გამოსვენებას კიდევ ვინმე შეეწიროს. ჯერ მამის სიკვდილი არ გვქონდა გადახარშული და ნიკას ამბავი დაემატა. თან ნიკაც ჩემი ასაკის იყო და ასეთ ასაკში, ასე სიკვდილი“, – აღნიშნავს მედიასთან საუბრისას, ლევან ლობჟანიძის შვილი, თაკო ლობჟანიძე.
ნიკოლოზ გელენიძის პანაშვიდი კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში შედგა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა.

გელენიძეს 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, 25 წლის ირაკლი ქურციკიძეს, დღეს რუსთავში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ის საქართველოში 23 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენეს.

ქურციკიძე 12 ნოემბერს, ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, საომარ მოქმედებებში 57 ქართველი მოხალისე დაიღუპა. მათ შორის რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათი ცხედრები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button