ილიას უნივერსიტეტმა 6-წლიანი ავტორიზაცია მიიღო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმეთვიანი დავა დასრულდა. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ სააპელაციო კომისიისგან დაბრუნებული საკითხი უნივერსიტეტის სასიკეთოდ გადაწყვიტა.
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ილიაუნს მიენიჭოს სრული ავტორიზაცია. ჩვენმა უნივერსიტეტმა შეძლო დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და მიიღო ის, რაც კანონით ეკუთვნოდა.
ილიაუნი იყო, არის და იქნება საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის განათლების ხარისხზე მოწმობს არაერთი საშინაო, თუ საგარეო კვლევა.
ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. ეს ბრძოლა აქ არ მთავრდება, ჩვენი სიმართლე მომავალი გამარჯვებების საწინადარია”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.
დღევანდელი, 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების დეტალებზე მედია უნივერსიტეტის დეკანს, ნინო დობორჯგინიძეს ესაუბრა:
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ყველა კითხვა, რაც დაისვა, გავეცით პასუხები. თავმჯდომარემ თქვა, რომ დღეს საბჭომ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება.
[როგორც ახლა, ისე წინა შემთხვევაში] მათ ჰქონდათ ძალიან ძლიერი ექსპერტების კარგი შეფასება. საბჭოს უნდა განეხილა მათი შეფასება და თუ დამატებითი გარემოები არ გამოვლინდებოდა, მათ ამის ცვლილების უფლება აღარ ჰქონდათ, რადგან ექსპერტებს, შეფასების მომზადებამდე, ჰქონდათ ადგილზე ყველაფრის ნახვის შესაძლებლობა…“გასულ წელს, 2024 წლის 26 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონიამდე რამდენიმე ადრე, უნივერსიტეტს 6-წლიანი აკრედიტაციის ნაცვლად ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა.
უნივერსიტეტს ზურგს უმაგრებდა „დაწესებულების სტანდარტებთან და სტანდარტის კომპონენტებთან შესაბამისობის შეფასების შემაჯამებელი (შვიდკომპონენტიანი) ცხრილი“, რომელსაც სრულად აკმაყოფილებდა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უსამართლობის განცდა გაუჩნდათ, რადგან ავტორიზაციის საბჭომ ექსპერტთა საბჭოსგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი სტანდარტო მოთხოვნებთან ნაწილობრივად შეუსაბამოდ მიიჩნია. საბჭომ ისე გადაწყვიტა უნივერსიტეტის ხელახლა შემოწმება, რომ არ განუმარტავს, კონკრეტულად რის შემოწმება ჩათვალა აუცილებლად.
„საბჭოს გადაწყვეტილებამ ზიანი მიაყენა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის ნდობას და საერთაშორისო რეპუტაციას“, – დაწერა „ფეისბუკში“ 2024 წლის 1 ოქტომბერს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ავტორიზაციის საბჭოს საპასუხოდ.
უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით ხდება – 7 სტანდარტით და 23 ქვესტანდარტით, რაც გულისხმობს ყველაფრის შეფასებას, უნივერსიტეტის მისიიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ფასდება სასწავლო პროგრამები, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, კვლევითი საქმიანობა, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სტუდენტების მხარდაჭერის ღონისძიებები.
საბოლოოდ ავტორიზაციის საბჭო ექსპერტების დასკვნის, დაწესებულების დოკუმენტების, არგუმენტირებული პოზიციისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე იღებს ამ ოთხიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს უპირობოდ;
ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს, თუმცა აქვს ვალდებულება ერთი წლის შემდეგ წარადგინოს თვითშეფასების ანგარიში, სადაც აღწერს როგორ შეასრულა ექსპერტთა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები;
ავტორიზაცია ენიჭება უნივერსიტეტს, მაგრამ 2-3 წლის პერიოდში ხელახლა ჩატარდება სავალდებულო მონიტორინგი (ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა სავალდებულო აღარ არის);
უნივერსიტეტს ავტორიზაცია ენიჭება, მაგრამ ერთმევა ახალი სტუდენტების მიღების უფლება;
უნივერსიტეტი ვერ იღებს ავტორიზაციას.
შეგახსენებთ, გასულ წელს ავტორიზაციის საბჭომ ილიას უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან უნივერსიტეტმა მიუღებლად ჩათვალა.
გასული წლის დეკემბერში სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი; მან არ გაიზიარა ავტორიზაციის საბჭოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭო ვალდებული გახდა ხელახლა განეხილა ილიაუნის საკითხი.
ავტორიზაციის საბჭოს სხდომა განათლების ხარისხის შენობის წინ საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. აქციის მონაწილეების თქმით, ავტორიზაციის საბჭოს გასული წლის გადაწყვეტილება ილიაუნის მიმართ სადამსჯელო ზომა და შერჩევითი დამოკიდებულებაა, რადგან უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ არ ემხრობა.