მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“იმედი მაქვს, რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება”

„იმედი მაქვს, რვა მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას.” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.

“მივესალმები საქართველოში საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენით მიღებას 136 ხმით. იმედი მაქვს, რვა მარტის შეთანხმება სრულიად შესრულდება და ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს შემდგომ მოსმენებში მონაწილეობას. ესაა გზა დემოკრატიის სიმწიფემდე საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე!” – წერს კუბილიუსი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. 5 დეპუტატი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ემზარ კვიციანი, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძეა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ფრაქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა და კენჭისყრა ხვალ გაიმართება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

“ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში გაიმართება მესამე მოსმენით კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მსჯელობას.”- განაცხადა თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენაში მინაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების „ევროპული საქართველოს” გარეშე მიღება მოუწევს და ეს იქნება ცვლილება, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ აისახება.

„მთავარი საფრთხე, რაც უკავშირდებოდა კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას, უკვე თავიდან არის აცილებული და ახლა ბურთი და პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლების მხარეს. თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც და ეს იქნება არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ ცვლილება, რომელიც ასახავს პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობასაც. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მათ მოუწევთ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ. მიღება აუცილებლად მოუწევთ, რადგან მესამე მოსმენით პროცედურულად პრაქტიკულად ვეღარ ჩააგდებენ. მაგრამ ეს იქნება ცვლილება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში პილიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას და შესაბამისად, პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე მთლიანად დარჩება ხელისუფლების მხარეს.” – განაცხადა ბაქრაძემ.

“როცა საჭირო 113 ხმის ნაცვლად, “ევრო-ნაცების” გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 ხმა ჰქონდა და მაინც ამბობენ, რომ გადაარჩინეს, ამას ჰქვია თავხედობა და პოლიტიკაში ასეთი თავხედობა ისჯება დაბალი რეიტინგით.” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების საფრთხე არც მეორე და მესამე მოსმენისას არ არსებობს.

“კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა 113 ხმა. „ევრო-ნაცების გარეშე“ მას ჰქონდა 116 დეპუტატის მხარდაჭერა და ამ ფონზე ამბობენ, რომ მათ გადაარჩინეს. ამას ტყუილი კი არა, თავხედობა ჰქვია. ტყუილი სხვა რამეა: რომ ეთქვათ, რისკები დავაზღვიეთ, – ეს იქნებოდა ტყუილი, რადგან რისკი არ არსებობდა, მაგრამ როცა 113 ხმის ნაცვლად, მათ გარეშე, 116 ხმა ჰქონდა ცვლილებებს და მაინც ამბობენ, რომ გადაარჩინეს, ამას ჰქვია თავხედობა და პოლიტიკაში ასეთი თავხედობა ისჯება დაბალი რეიტინგით, რაც უკვე აისახა მათ რეიტინგზე და კიდევ უფრო აისახება, თუ ასე გააგრძელებენ.” – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button