ქართულმა ოცნებამ კიევში ჩასვლაზე უარი განაცხადა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ადასტურებს, რომ უკრაინის რადამ ქართული დელეგაცია მიიწვია კიევში, ომის წლისთავთან დაკავშირებით, თუმცა უმრავლესობის წევრებმა ჩასვლაზე უარი თქვეს. მისი თქმით, მიზეზი “მეორე ფრონტის” გახსნაზე მოწოდებები და მიხეილ სააკაშვილის საკითხია.
“ჩვენ დიახ მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ, რატომ? იმიტომ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ასევე ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს”, – თქვა ზარქუამ.
რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 24 თებერვალს უკრაინამ სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” წასვლაზე უარი თქვა.
მისი თქმით, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების სივრცე არ რჩება.
„როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როცა პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს.
ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ, მათ შორის, ევროპულმა ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ, თქვენც შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში ბავშვების და ა.შ. და შემდეგ დაამატეს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა ზარქუამ.
გიორგი ვაშაძემ გვახარა ეს ინფორმაცია, მისი ავი სიხარული ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ხაზგასასმელია – ჩვენს უცნაურ და რთულ მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და იზიარებს, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი [გიორგი ვაშაძე] კი ასეთ საკითხებზე რომ პედალირებს, აჩვენებს, რამდენად არ უყვარს არც ერთი და არც მეორე ქვეყანა. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულებით მოძრაობს ზოგიერთი პოლიტიკოსი , – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას კითხვას იმის შესახებ, რომ 24 თებერვალს უკრაინაში საქართველოს წარმომადგენლები არ ჩავლენ.
პაპუაშვილის ინფორმაციით, საკითხი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაციისას განიხილეს, სადაც გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც არის, უკრაინისადმი ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი არცერთი ქვეყანა არ გამოიჩენდა.
მისი თქმით, საქართველო არც ნატო-ს ქოლგითაა დაცული და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქვეშაა და მიუხედავად ამისა, „საერთაშორისო ფორმატებში ყველაზე ხმამაღალია“
„მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაცია. მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მონაწილეობით რამდენჯერმე ჩამოსულები იყვნენ უკრაინელი ბავშვები, პარლამენტში გვეწივნენ. 24 თებერვალს უკრაინაში იგეგმება ღონისძიება ყველასთვის, ვისაც ჩასვლის სურვილი აქვს. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში, იმ პირობებში, რომშიც ვარ, ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც არ გამოიჩენდა არცერთი ქვეყანა, თუ ასეთ პირობებში იქნებოდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, ამის მიუხედავად ყველაზე ხმამაღალი ვართ საერთაშორისო ფორმატებში, ასევე, ვართ ქვეყანა, რომელიც განსხვავებით ამ ალიანსში მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სხვა ქვეყნისგან, არ ვართ დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით. ამავე დროს ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა. ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას შეეხება. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს, დიდია“ , – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში „გამოჩნდა, რამდენად სოლიდარულია საქართველო და რამდენად ძლიერია ინსტიტუციები, რომელიც ახერხებს, რომ ამ რთულ პერიოდში უზრუნველეყო ის, რომ არცერთი ფაქტი კი არა, ეჭვი არ ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლისა.
პაპუაშვილის თქმით, გასული ერთი წელი საქართველოს კეთილსინდისიერებას ადასტურებს.
„უკრაინის ზოგიერთი ჩინოსნის მხრიდან არასამართლიანი დამოკიდებულება ახალი არაა, დაწყებული მიტინგებზე პირდაპირი ჩართვებითა და მოწოდებებით, ამის მიუხედავად ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა ნებისმიერი რეზოლუციისთვის, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს და რუსულ აგრესიას გმობს, ეს ერთი წელი ჩვენს კეთილსინდისიერებას ადასტურებს. დედამიწაზე არ არის ქვეყანა, რომელიც ჩვენს მდგომარეობაში იქნებოდა და ჩვენზე მეტ სოლიდარობას გამოიჩენდა. ეს ომი დასრულდება, გავა წლები და უკრაინელ ხალხთან ძმობა, რაც გვაქვს, გვექნება, რაც შეეხება ზოგიერთ უკრაინელ ჩინოსანს, რომელიც საქართველოზე თავდასხმითაა დაკავებული, მათთან გვექნება საუბარი. უკრაინას თავის ომი აქვს და მათ მიმართ სოლიდარულები ვართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის პასუხის შემდეგ თეონა აქუბარდიამ მას კიდევ ერთი კითხვით მიმართა და დაზუსტება სთხოვა იმის თაობაზე, უკრაინაში მიწვევა „მეგობრობის ჯგუფებს შორის სიტყვიერი კომუნიკაციით მოხდა, თუ წერილობითი მიმართვა იყო“.
პაპუაშვილის თქმით, საკითხის შესახებ დეტალებისთვის შეუძლია მეგობრობის ჯგუფს მიმართოს.
„როდესაც თქვენ ქვეყანას აბრალებენ, რომ აქ ციხეში პატიმრებს აწამებენ, გაგჩენიათ სურვილი, რომ უკრაინელ კოლეგებთან პოზიციები დააფიქსიროთ ან როდესაც ქვეყანას აბრალებენ, რომ მას რაღაც გარიგებები აქვს რუსეთთან?“, – მიმართა აქუბარდიას შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. როგორც გიორგი ვაშაძემ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დამოკიდებულება, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, შეურაცხმყოფელია.
ცნობისთვის “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს დაესწროს უკრაინის ომის წლისთავზე დაგეგმილ ღონისძიებას. ვიდეომიმართვაში, რომელიც ვაშაძემ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ უკრაინის რადას მოწვევის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობამ დამალა.
“მოლდოვაში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფები და ეს წუთია, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს, ომიდან ერთი წლის თავზე, საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო და მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ ინფორმაცია ყველას დაგვიმალეს”, – აცხადებს ვაშაძე.
უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე კითხვა დაუსვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ. პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია მიმართონ უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს, რადგან “საქართველოს პარლამენტი მოქმედებს სტრუქტურების მიხედვით, ყველა ყველა საკითხში არ არის ჩართული”.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ, დაადასტურა უკრაინის რადის მიწვევაზე უარი და განმარტა, რომ საქართველო დგას “უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ, მათ შორის, ევროპულმა ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ, თქვენც შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში ბავშვების და ა.შ. და შემდეგ დაამატეს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ”.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ერთი წლის განმავლობაში რუსეთი ბომბავს უკრაინაში არა მარტო სამხედრო ობიექტებს, არამედ კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებსაც.
უკრაინის მხრიდან ოფიციალური განცხადებები ან მოწოდებები საქართველოში ან საქართველოდან ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კონკრეტულ დახმარებას სთხოვდა საქართველოსაც და ეს თხოვნები მეტწილად უპასუხოდ დარჩა.
ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია; ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები – პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განასხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.
მასალა განახლდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარით.