მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

“იმედია ვიხილავთ დროს, როცა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ითანამშრომლებენ”

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად დაასახელა. ამის შესახებ ალიევმა განაცხადა იაპონურ გამოცემა Nikkei-სთან ინტერვიუში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

„რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში ვითარებას სრულად შეცვლის; ვიმედოვნებ, რომ ვიხილავ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს. მაგალითად, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ვართ კარგი მეგობრები და კარგი მეზობლები. შეხედეთ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ ერთად. ნავთობის, გაზის, ენერგორესურსების ტრანსპორტირება, რკინიგზის კავშირი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, „ტანაპი“ და უამრავი სხვა. ვფიქრობ, აზერბაიჯანი პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, თურქეთთან ერთად; პირველი ან მეორე გადასახადების უმსხვილესი გადამხდელი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, 90-იანი წლების შუაში დასავლეთისგან იყო შეთავაზებები, რომ გაზსადენი სომხეთის გავლით აშენებულიყო, რადგან ეს უმოკლესი მარშრუტი იქნებოდა.

„სხვათა შორის, 90-იანი წლების შუაში, როდესაც განიხილებოდა მილსადენის მშენებლობის საკითხი, დასავლეთისგან იყო გარკვეული შემოთავაზებები, რომ ეს მილსადენები სომხეთის გავლით გასულიყო. თუმცა ამისთვის სომხეთს უნდა გაეთავისუფლებინა ეს ტერიტორიები და მაშინ გაზსადენები შესაძლოა, გასულიყო აზერბაიჯანიდან სომხეთში, შემდეგ ნახიჩევანში და თურქეთში. ეს იყო უმოკლესი მარშრუტი. თუ შეხედავთ რუკას, ნახავთ, როგორ გადის გაზსადენი, რათა სომხეთს გვერდი აუაროს. თუმცა სომხებს ეგონათ, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით მილსადენის მშენებლობის პროექტის განხორციელებას. ამიტომ მათ უარი თქვეს და ვფიქრობ, ახლა ისინი სერიოზულად ნანობენ. ისინი ოკუპაციის გამო ჩიხში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ალიევმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button