იმედის სამმა მედიასაშუალებამ რადიოკვლევების გაშუქებისას ქარტიის პრინციპი დაარღვია
ტელეკომპანია “იმედმა”, რადიო “იმედმა” და “იმედინიუსმა” ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს. – ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში:
“ჟურნალისტებმა სალომე შანშიაშვილმა, თეა სიჭინავამ, რადიო იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
“ჟუნრალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. – დაირღვა. – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სადავო მასალებში „გამმა რისერჩის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზეა საუბარი, რომლის თანახმად, „მსმენელთა დიდი უმეტესობა ინფორმაციას რადიო „იმედის“ ტალღაზე ისმენს”.
ქარტია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა კვლევა, ვინ დაუკვეთა და როგორია ცდომილება, სასურველია ეს ინფორმაცია გატანილი იყოს გრაფიკებშიც.აუდიტორიამ უნდა მიიღოს ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ.
იმისათვის, რომ აუდიტორიამ მიიღოს სრული, ობიექტური და სანდო ინფორმაცია, ჟურნალისტმა მედიაპროდუქტში პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:
ვინ ჩაატარა კვლევა; ვინ და რატომ დააფინანსა/დაუკვეთა კვლევა; რამდენი ადამიანი გამოიკითხა კვლევისთვის, როგორ და რა არეალიდან (სახელმწიფო, რეგიონი) და რა ჯგუფიდან (მასწავლებლები, იურისტები, დემოკრატიული ამომრჩევლები და ა.შ.) შეირჩნენ ეს ადამიანები; როდის გაკეთდა გამოკითხვა; რამდენია ცდომილება; არსებობს თუ არა რაიმე ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა კვლევის შედეგის უზუსტობაზე და ა.შ.
სადავო მედიაპროდუქტებში აღნიშნულ შეკითხვებზე სრული ინფორმაცია არ გვხვდება. მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ „გამმა რისერჩის“ მიერ კვლევა ჩატარდა ერთი თვის განმავლობაში, გამოიკითხა 950-მდე რესპონდენტი და შედეგებმა აჩვენა, რომ რადიო „იმედი“ არის ლიდერი. სადავო სიუჟეტში თეა სიჭინავა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი „გაგვაცნობს კვლევის შედეგებს”, თუმცა მასალაში ნაკლებად არის ინფორმაცია კვლევის შესახებ და მაყურებელი ვერ იღებს სრულფასოვან ინფორმაციას კვლევის დეტალებზე.
საბჭო მიიჩნევს, რომ ის, რაც მაყურებელმა ნახა, იყო არასრული და აკლდა დეტალები. მედია არ უნდა დაეყრდნოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების ინტერპრეტაციებს, თავად უნდა შეძლოს შედეგებისა და ტენდენციების ანალიზი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, მესამე კი არ. – ამბობს ქარტია. ნახეთ დეტალურად ქარტიის გადაწყვეტილება.
აღნიშნული კვლევის შედეგები და მასალები ჰერეთმა, რადიო ციტრუსმა და რადიო თბილისმა გაასაჩივრა. ჰერეთი თვლის, რომ “გამა რესერჩის” კვლევა ყალბია, მანიპულირებულია და არ ასახავს რეალურ შედეგებს.
ჰერეთის მფლობელი რამაზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ 2015 წლის შემდეგ, რადიობაზარზე კვლევის შედეგები რადიო თბილისის FM93.5 შემოსვლის შემდეგ, ეტაპობრივად შეიცვალა.
ჰერეთის გამოკითხვის მიხედვით, 1800 რესპოდენტიდან, 26 % ახალ ამბებს სწორედ რადიო თბილისიდან იგებს და ენდობა.