იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭრავა და ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მათ ერთ-ერთ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თერთმეტიდან თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე დაკავებული გიორგი კაჭარავა ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ.

“ჩემი კლიენტი არ აღიარებს მოცემულ დანაშაულს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. თბილისში გადმოჰყავთ მოდულის შენობაში, ქუთაისში აღარ იქნება ეს ადამიანი იმიტომ, რომ იქ წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, სასამართლოც სავარაუდოდ იქ იქნება,“- განაცხადა ადვოკატმა თემურ მესხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button