“ინდიგოს” ჟურნალისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გამოცემა ინდიგოს ჟურნალისტი რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და მის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ზვიად ცეკვავა 17 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
დღეს, ჟურნალისტ საბა სორდიას სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებმაც ის 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტის დამკავებელმა ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ სორდიამ პოლიციელებს “სახე რაღაცნაირად მოარიდა” და “ამის გამო მივიდნენ მასთან”.
„სამი თანამშრომელი ვიყავით. იმ ტერიტორიაზე, სადაც ვიმყოფებოდით, საკმაოდ ხშირი ფაქტია, რომ ახალგაზრდა პიროვნებები მოძრაობენ ხშირად, რომ აღმოაჩნდებათ ხოლმე ნარკოტიკული საშუალება ან ცივი იარაღითაც გადაადგილდებიან- ხოლმე.
საბას რომ შევხედეთ თავდაპირველად, სახე რაღაცნაირად მოგვარიდა და ამის გამო მივედით ჩვენ მასთან, რომ იდენტიფიცირება მოგვეხდინა და ზედაპირული დათვალიერება მოგვეხდინა, ვინაიდან არ ჰქონოდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. [დავაფიქსირეთ] მარჯანიშვილის მოედანთან, ფეხით მოძრაობდა“, – თქვა პოლიციელმა.
დღევანდელ პროცესზე მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დაიწყეს მსჯელობა.
სორდიამ სხდომის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება.
„ჩემსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დაძაბულობა იმას მოჰყვა, რომ ისინი ზედაპირული დათვალიერების ფარგლებში არ მოქმედებდნენ, მათ თვითნებურად გადაწყვიტეს ჩემი ჩანთის ჩხრეკა. სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა ორმა მოწმემ. ერთი ამბობდა, რომ ჩანთას საერთოდ არ შეხებია, შემდეგმა მოწმემ კი თქვა, რომ ის იყო პოლიციელი, რომელმაც ჩემი ჩანთის გახსნის შემდეგ ერთ-ერთ ჯიბეში წაიღო ხელი, რასაც ჩემი უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ამბობდნენ, რომ მათ მონა ვუწოდე, ეს ფრაზა საერთოდ არ გამომიყენებია, როცა მათ ოქმი შეავსეს, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, იქ საერთოდ არ ეწერა ეს ფრაზა, მერე არის მიწერილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა ადგილი მანქანაში, არ შეუგინებიათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ალბათ, საყურემ გამოიწვია, ინტრიგანს მეძახდნენ. სხვათა შორის, ვიდრე სხდომათა დარბაზში ამომიყვანდნენ, ერთმანეთს პირობა მივეცით, ისეთ რამეს არ ვიტყოდით, რაც არ ყოფილა, მე ეს პირობა შევასრულე, მათ ეს პირობა დაარღვიეს. ერთმა ღმერთი დაიფიცა და მოიტყუა…
რაც შეეხება პირადობას, როგორც კი მოვიდნენ, მაშინვე მივეცი. თუ მათ პოტენციურ კრიმინალად აღმიქვამდნენ, მოპედით ვიყავი, თუკი, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება შეიძლებოდა მქონოდა, რატომ არ დაინტერესდნენ, ამას მოპედში ხომ არ ვმალავდი?“, – განაცხადა სორდიამ.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის პოლიციამ ჟურნალისტი 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.
როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ საბამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა ის მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.