
ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფლები ძლიერი ციკლონის – ფანის მოლოდინშია. სანამ შტორმი სანაპიროს გადაუვლის, ქვეყანაში მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. BBC Hindi-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას დაახლოებით, 800 000 ადამიანი გადაჰყავთ.
ციკლონი 200 კილომეტრ საათში სიჩქარით მოძრაობს და პარასკევისთვის, ორისას შტატს დაატყდება თავს. აღსანიშნავია რომ ამ შტატის ქალაქ პურიში, 858-წლოვანი ჯაგანნათას ტაძარი მდებარეობს. სტიქიის მთავარი ზონა სწორედ ეს ქალაქი იქნება, რის გამოც, ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ტაძარს საფრთხე ემუქრება.

ასობით მაშველი, ამ დრომდე ცდილობს ყველა იმ ადამიანის ევაკუირება მოასწროს, რომლებიც საფრთხის ზონაში იმყოფებიან. ანდჰრა-პრადეშისა და ტამილ ნადუს შტატებში საევაკუაციო მზაობაა გამოცხადებული.